„სფეის იქსმა“ ორბიტაზე ერთდროულად 60 თანამგზავრი გაუშვა
„სფეის იქსმა“ ორბიტაზე ერთდროულად 60 თანამგზავრი გაუშვა

„სფეის იქსმა“ წარმატებით გაუშვა რაკეტა, რომელმაც ორბიტაზე 60 თანამგზავრი გაიტანა. გაშვება პროექტ „სტარლინკის“ ფარგლებში მოხდა, რომელიც მიზნად ისახავს 12 000 თანამგზავრის გაშვებას და კოსმოსიდან ინტერნეტმომარაგებას.

რაკეტა „ფალკონ 9“ ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან აფრინდა. ერთი საათის შემდეგ, ზედაპირიდან 450 კმ სიმაღლეზე, რაკეტამ თანამგზავრების ორბიტაზე გადასმა დაიწყო.

რაკეტიდან გამოყოფის შემდეგ, თანამგზავრებმა საკუთარი ძრავები ჩართეს და განლაგდნენ შედარებით დაბალ ორბიტაზე, 550 კმ სიმაღლეზე.

ამის შემდეგ, რაკეტა „ფალკონ 9“ წარმატებით დაჯდა ატლანტის ოკეანეში განთავსებულ სპეციალურ პლატფორმაზე.

ეს ორბიტა ცოტათი მაღალია საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაზე, რომელიც 402 კმ სიმაღლეზე მოძრაობს. თუმცა, თანამგზავრთა უმეტესობა გაცილებით მაღალ ორბიტაზეა განთავსებული. მათ შორის უმაღლესია გეოსტაციონარულ ორბიტაზე, 36 000 კმ სიმაღლეზე მოძრავი თანამგზავრები.

გაშვება ერთი კვირის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ძლიერი ქარისა და გარკვეული პროგრამული განახლების გამო გადაიდო.

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია პირველია კერძო კომპანიებს შორის რაკეტების გაშვების თვალსაზრისით. „სფეის იქსი“ ამჯერად უკვე სამომავლო კოსმოსური ინტერნეტის ბაზარზე შესვლას იწყებს. ამ სეგმენტში შესვლას ასევე გეგმავენ სტარტაპი „ვანვები“ და „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კოსმოსური კომპანია „ბლუ ორიჯინი“.

„სფეის იქსის“ თითოეული თანამგზავრი 227 კილოგრამს იწონის და დაამზადეს ქალაქ რედმონდში.

პროექტი „სტარლინკი“ მას შემდეგ ჩაირთვება, რაც ორბიტაზე 800 თანამგზავრი გააქტიურდება.