ილონ მასკმა გამოაქვეყნა იმ თანამგზავრების ფოტო, რომლებმაც მსოფლიო ინტერნეტით უნდა მოამარაგონ
ილონ მასკმა გამოაქვეყნა იმ თანამგზავრების ფოტო, რომლებმაც მსოფლიო ინტერნეტით უნდა მოამარაგონ

ილონ მასკს დიდი ხანია აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, მისმა კომპანიამ მთელ მსოფლიოს ულტრამაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა მიაწოდოს.

მასკი „ტვიტერზე“ აქვეყნებს „სპეის იქსის“ რაკეტა „ფალკონის“ ფოტოს და აღნიშნავს, რომ ამ რაკეტაში 60 თანამგზავრია მოთავსებული. გარდა ამისა, მასკი ახალ დეტალებსაც ამხელს გლობალური თანამგზავრული ქსელის შესახებ.

რაკეტა „ფალკონ 9-ის“ გაშვება 15 მაისს იგეგმება; როგორც მასკი აღნიშნავს, პირველი მისია დიდი ალბათობით წარუმატებელი იქნება.

რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიტანოს თანამგზავრები, რომლებსაც კომპანიაში „სტარლინკს“ უწოდებენ. მასკის გეგმის მიხედვით, უნდა შეიქმნას ინტერნეტის მომწოდებელ ხელოვნურ თანამგზავრთა უპრეცედენტო ქსელი.

იდეა მასკმა პირველად 2015 წელს გაამხილა და გულისხმობს დაახლოებით 12 000 თანამგზავრისაგან შემდგარი ფლოტის შექმნას.

თუკი მილიარდერი ამ გეგმის განხორციელებას შეძლებს, ინტერნეტმომხმარებლები მთელ მსოფლიოში, განურჩევლად იმისა, თუ დედამიწის რომელ ნაწილში ცხოვრობენ, საშუალოზე 40-ჯერ სწრაფი ინტერნეტით ისარგებლებენ.

მასკი და „სპეის იქსი“ ამ სერვისით სარგებლობის საფასურს ჯერ არ ამხელენ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფასი დაბალი და კონკურენტუნარიანი იქნება.

სარაკეტო კომპანიამ ორი ექსპერიმენტული თანამგზავრი თებერვლის ბოლოს გაუშვა, ამჟამად კი სრულყოფილი ხომალდების გაშვებას გეგმავს.

როგორც მასკი წერს, ინტერნეტით მცირედი დაფარვისთვის საჭიროა ამ 60-ზე კიდევ 6-ჯერ მეტი თანამგზავრის გაშვება, საშუალოდ დაფარვისთვის კი 12-ჯერ მეტის. „სპეის იქსის“ განცხადებით, მათი ინტერნეტით სარგებლობა 2020 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.

მართალია, „სტარლინკის“ თანამგზავრებს ორბიტაზე რაკეტა „ფალკონი“ გაიტანს, მაგრამ „სპეის იქსი“ უკვე წლებია მუშაობს ახალ გამშვებ სისტემაზე, რომელსაც „სტარშიპს“ უწოდებენ.

მასკს იმედი აქვს, რომ ეს სისტემა ფუნქციონირებას 2020 წლისთვის დაიწყებს და მას ორბიტაზე ერთდროულად არა ათობით, არემედ ასობით თანამგზავრის გატანა შეეძლება.

გარდა ამისა, „სტარშიპის“ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება ადამიანთა მთვარეზე და მარსზე წაყვანა იქნება.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.