თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო გუნდი რომში დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდა
თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ სადადგმო გუნდი რომში დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდა

რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის, „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია, რომლის იდეის, კონცეფციის ავტორი, შემდგენელი და რედაქტორია თსუ-ის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი.

მულტიმედიური ალბომი „ბეატრიჩე“ აერთიანებს საქართველოში 2021 წელს, დანტე 700-ის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ შთაგონებით ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ შექმნილი თანამედროვე ბალეტის, „ბეატრიჩეს“ დადგმის ყოველ მნიშვნელოვან ეტაპს იდეიდან პრემიერამდე.

რომში ღონისძიების დასასრულს, საქართველოში თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ დადგმისათვის, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ შემოქმედებითი გუნდი – იდეისა და კონცეფციის ავტორი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია, მულტიმედიური ალბომის, „ბეატრიჩეს“ გამოცემის მხარდამჭერია საქართველოში იტალიის საელჩო და „თიბისი“ ბანკი, პროექტის პარტნიორია საქართველოს პირველი არხი.

რომში მულტიმედიური ალბომის, „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.