თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „მძინარე მზეთუნახავი“ ბრუნდება
61 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „მძინარე მზეთუნახავი“ ბრუნდება. ახალ რედაქციაზე ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეეჩევი მუშაობენ.
ჩაიკოვსკის ამ საეტაპო ბალეტის პრემიერა 1890 წლის 3 იანვარს სანქტ-პეტერბურგში, მარიას თეატრში გაიმართა.
საპრემიერო სპექტაკლი კლასიკური ბალეტის ფუძემდებლის მარიუს პეტიპას დაბადებიდან 200 წლისთავს მიეძღვნება.
„საბალეტო სამყაროსთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მთელი მსოფლიო აღნიშნავს და ჩვენც დიდი სიხარულით ვუერთდებით ამ შედევრით.
როცა თეატრის რეპერტუარში „მძინარე მზეთუნახავია“ ეს დასის მაღალ დონეზე მეტყველებს“, – ამბობს ნინო ანანიაშვილი.
უკვე ცნობილია, რომ სპექტაკლებს მოწვეული მაესტრო ალეფტინა იოფე უდირიჟორებს. სოლისტების ვინაობა კი ამ ეტაპზე უცნობია.
„მძინარე მზეთუნახავის“ პრემიერა 27 აპრილსაა დაგეგმილი.