თამთა გაბრიჩიძე - "სანდენსის" ჯილდო ძალიან საინტერესო ამბავს და დიდ მომავალს გვპირდება
თამთა გაბრიჩიძე - "სანდენსის" ჯილდო ძალიან საინტერესო ამბავს და დიდ მომავალს გვპირდება

“სანდენსის” კინოფესტივალზე გამარჯვება ძალიან საინტერესო ამბავს და დიდ მომავალს გვპირდება, – ამის შესახებ ფილმის “სოვდაგარი” რეჟისორმა თამთა გაბრიჩიძემ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

“სანდენსის” კინოფესიტვალის ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია, როგორც ქართველისთვის ასევე მსოფლიოში მოღვაწე კინემატოგრაფისტებისთვის. ეს მნიშვნელოვანი და გამორჩეული ფესტივალია კინოფესტივალებს შორის და ეს გამარჯვება ძალიან საინტერესო ამბავს და დიდ მომავალს გვპირდება. ეს არის ფილმი რომელიც, პროექტ “ტელებლოგში”, პირველ არხზე შეიქმნა და შემდეგ მისი დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება კომპანია Netflix- მა მოიპოვა. ძალიან გახარებულები ვართ როგორც ქართველი ისე ამერიკელი ჯგუფის წევრები ვინც ვმუშაობდით ამ პროექტზე”,- აღნიშნა რეჟისორმა.

„სანდენსის“ 2018 წლის კინოფესტივალზე, მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, თამთა გაბრიჩიძის ფილმმა „სოვდაგარი“ გამარჯვება მოიპოვა. ფილმი რეჟისორმა პირველი არხის პროექტ „ტელებგლოში“ გადაიღო.

„სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში ყოველწლიურად იმართება. ფესტივალი 1978 წელს რობერტ რედფორდის კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დაარსდა და არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი კინოფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

თამთა გაბრიჩიძის ფილმის “სოვდაგარი” მთავარი პერსონაჟი გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.