ინტერვიუ ფილმ „სოვდაგარის“ რეჟისორ თამთა გაბრიჩიძესთან
ინტერვიუ ფილმ „სოვდაგარის“ რეჟისორ თამთა გაბრიჩიძესთან

რეჟისორმა თამთა გაბრიჩიძემ  „სოვდაგარი“  საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ტელებლოგის“ ფარგლებში გადაიღო. „სოვდაგარი“ სამცხე-ჯავახეთშია გადაღებული და ფილმზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი მუშაობდა. თამთა გაბრიჩიძის დოკუმენტურმა ფილმა საერთაშორისო ფესტივალზე    HOTDOCS CANADIAN INTERNATIONAL DOCUMENTARY FESTIVAL („კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე)” მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.  ამ წარმატების შემდეგ კი  მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ–ტელევიზიის ქსელმა ,,ნეტფლიქსმა“  ფილმის დისტრიბუციის  ოფიციალური  უფლება შეიძინა ბოოლოს კი „სოვდაგარმა”  “სანდენსის“ კინოფესტივალის მთავარი პრიზი დაიმსახურა. რობერტ რედფორდის მიერ დაარსებული  პრესტიჟული ფესტივალი  23 იანვარს გაიმართა.

 

„სანდენსის“ კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ გთავაზობთ ინტერვიუს  ფილმის ავტორთან:

ელოდი თუ არა ამ გამარჯვებას?

აღფრთოვანებული ვარ იმ   სტილით, ფილმებით, რომელიც ფესტივალზე იყო წარმოდგენილი, გარემოთი, ხალხით. რაც შეეხება ჯილდოს, იმდენად მოულოდნელი იყო. დაჯილდოების საღამო ძალიან ახალგაზრდულად იყო მოწყობილი, დიდ სივრცეში, ამერიკულად. სცენიდან  შორს ვიდექი, წინა რიგებიც არ დამიკავებია. სანამ სცენამდე მივირბინე ოთხჯერ  წავიქეცი. არავის გვქონდა გამარჯვების მოლოდინი. ჟიურის გადაწყვეტილებამდე ფილმი ხუთჯერ აჩვენეს და  ჩვენების შემდეგ ძალიან საინტერესო კითხვებს  მისვამდნენ.

რას გეკითხებოდნენ, რომელი კითხვები დაგამახსოვრდა?

არასდროს რომ არ დაუსვამთ ისეთ კითხვებს მისვამდნენ და არასდროს რომ არც მიფიქრია. სამმა ადამიანმა მკითხა, როგორ დავადგინე   კარტოფილსა და ფულს შორის რეალური კურსი. ბევრს ვლაპარაკობდი ჩემს ქვეყანაზე, ვამბობდი, რომ ეს მხარეა ასეთი და მთელი საქართველო ასე არ ცხოვრობს. თუ ევროპაში კარგად გვიცნობენ, აქ ნაკლებად. საქართველო ხშირად ისევ ამერიკის შტატი ჯორჯია ჰგონიათ.

რას უყვებოდი ჩვენს ქვეყანაზე?

კინოისტორიას, თანამედროვე კინოს ამბავს. იმას, რომ თბილისი არის ევროპული დედაქალაქი და სხვადასხვა დეტალებს.

რას მოუტანს ამ ფილმს ეს გამარჯვება?

ამ ფილმის პროექტმა  აიღო „ჰოთ დოგის“ პრესტიჟული ჯილდო, შემდეგ საავტორო უფლებები შეისყიდა „ნეტფლიქსმა“ მერე იყო “სანდენსი”. მეტი რა შეიძლება გააკეთოს ერთმა პატარა ფილმმა. ფულადი ჯილდო არ აქვს “სანდენს”, უფრო სახელია, პრესტიჟი და გზას გიკვალავს. ფილმი ჩაეშვება სატელევიზიო ინტერნეტ დისტრიბუციაში, თუმცა ბევრი ფესტივალი გვთხოვს ჩვენების უფლებას. მე გავაგრძელებ მოგზაურობას ახალი პროექტით.

როგორ ფიქრობ, რა არის ამ კინოში ყველაზე საინტერესო, რამ განსაზღვრა ასეთი დიდი ინტერესი?

კინოკრიტიკოსების შეფასებით, ეს არის პოეტური დოკუმენტური ფილმი, რომელიც მხატვრული ფორმებით გვიამბობს რეალურ ისტორიას. ყველა აღნიშნავს, რომ  საკმაოდ ტრაგიკულ ამბავს არატრაგიკული ფორმით ვყვებით და მთელი ფილმის მანძილზე ღიმილი არ ქრება მაყურებლის სახიდან.

მთავარ გმირზე რას მეტყვი, მოეწონათ გელა?

გელათი ყველა აღფრთოვანებულია. თვითონ გელას დიდად არ ანაღვლებს ეგ ამბავი. სანამ წავიდოდი ფესტივალზე ვნახე,  მორიგი რეისისთვის ემზადებოდა. დიდი მადლობა გელას რადგან სწორედ ისაა ამ ფილმის მარგალიტი.

ფესტივალზე ხომ არ აპირებდი  მის წარდგენას ?

ამისთვის მივედი – ფესტივალზე არვიცი რამდენად წამოვალო, მაგრამ თბილისში რომ იქნება ჩვენება, იქ მოვალო მითხრა.

კარგი მსახიობია გელა?

გელამ დაივიწყა კამერის არსებობა და ძალიან ბუნებრივად იგრძნო თავი. თავიდან ხმას არ იღებდა, მერე გაიხსნა.

როგორ გაჩნდა ფილმის იდეა და სად იპოვე  ფილმის მთავარი გმირი?

ექვსი თვე ვმუშაობდი ერთ ძალიან კარგ ბიჭთან, რომელიც ამავე მისიით დადის ამ რეგიონში. საზღვრისპირა სოფლებში დავდიოდი ნიუანსებისთვის, მაგრამ ბოლო მომენტში მოულოდნელად უარი მითხრა. მერე დავიწყე  ალეტრნატივის ძებნა. კარდაკარ დავდიოდი და ასე მივაგენი გელას. ძალიან მეშინოდა, არ ვიცოდი რა მელოდა წინ, ვის გადავიღებდი.

ფული არ არის ამ რეგიონში  რეალურად  და ყველაფერი კარტოფილზეა დამოკიდებული?

ფული რომ საერთოდ არ არის, ამას ვერ ვიტყვი. არის, უბრალოდ მთავარი  ძირითადი ვალუტა ამ რეგიონში, ამ ხალხის გადაწყვეტილებით, არის კარტოფილი. გელა არის ხიდი, სიახლეების შემტანი თითქოს. გელამ ზუსტად იცის ვის რა გამოადგება, რომელ ოჯახს რა სჭირდება.

როგორ მოხვდი  საზოგადოებრივ მაუწყებელზე პროექტ „ტელებლოგში“?

მქონდა მასალები. ამ რეგიონში ვიყავი დაახლოებით 30-ჯერ. გავაკეთე თიზერი, კანადაში ინდუსტრიულ  პლატფორმაზე წარვადგინე ჩემი პროექტი „ჰოთ დოგის“ ფესტივალზე. 12 პროექტს შორის მოხვდა „სოვდაგარი“. მაგალითად, „დისქავერი“ დაინტერესდა. როცა ახალი რეჟისორი ხარ, ასეთი დიდი კომპანია ვერ მომცემდა ფულს, მაგრამ გამომატანეს წერილი, რომელიც   შევიტანე კინოცენტრში  და სცენარიც წარვადგინე და მაინც ვერ მივიღე დაფინანასება  და ასე მოვედი პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში.  იქაც ვერ მოხერხდა გადაღება.  ბოლოს შევიტანე „ტელებლოგის“ კონკურსზე და ესეც ჩემი იღბალი იყო, რომ „ტელებლოგში“ გადავიღე ეს ფილმი. ეს იყო სრულმეტრაჟიანი  ფილმის სცენარი, ამოვიღე სცენარიდან ერთი ეპიზოდი და ის შემოვიტანე „ტელებლოგში“. არ დავიღლები არასდროს „ტელებლოგის“ ჯგუფისთვის მადლობის გადახდით.ძალიან გვერდში დამიდგნენ. მასშტაბები შეიცვალა, თუმცა გული არ დამწყვეტია,  რადგან ეს პროექტი მომწონდა.  ძალიან გემოვნებიანი გადაცემა იყო.

რას აპირებ?

რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ და იმედი მაქვს ერთ-ერთს გავაკეთებ ისევ პირველ არხთან ერთად. მეორე პროექტი მხატვრული ფილმია, რომელიც წინასწარ არ ვიცი მაგრამ შემიძლია  გითხრა, რომ „ნეტფლიქსი“ მისი გადაღებით   დაინტერესებულია.

 კინოცენტრმა თუ იცის, რომ სანდენსის გამარჯვებული ხარ?

კი, იცის და მომილოცეს.

თამთა გაბრიჩიძის დოკუმენტური სურათი მოგვითხრობს მოხეტიალე ვაჭრის ცხოვრებაზე, რომელიც კარტოფილის ძიებაში შემხვედრი ადამიანების ისტორიებს გვიამბობს. ისტორია ქალაქში იწყება და სამცხე-ჯავახეთის სოფლებამდე ჩადის, სადაც ფული – კარტოფილია, მასზე ცვლიან მეორად ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. მთავარი გმირის გელას გამოჩენას აქ მოუთმენლად ელიან.