თამილა ლაფანაშვილი - რაც მოხდა, იყო ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება
ძალიან დიდი შოკი და იმედგაცრუება იყო, რაც მოხდა, ეს არის მაქსიმალური სასჯელი, რაც შეიძლება, გამოეტანათ, რასაც ვერ შევეგუებით, – ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თამილა ლაფანაშვილი კვლავ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის ირგვლივ მაქსიმალურად გააქტიურდნენ.
თამილა ლაფანაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან პირად შეხვედრას ითხოვს.
„ის ისჯება იმისთვის, რისიც სჯერა, მას არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენია. ჩვენ ისევ მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინაიდან მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოხდეს. ეს არის ღირსების საქმე, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლის ვალია ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა ბერკეტის გააქტიურებას, ბრძოლა მაქსიმალურად იქნება გააქტიურებული და ვითხოვ პრემიერთან პირად შეხვედრას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება. ჩემი თხოვნაა, რომ დღეს მოხდეს შეხვედრა“ ,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, დავით ასათიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, დავით ასათიანის თქმით, ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა იმის გამო, რომ ის ე.წ. საზღვარს არ აღიარებდა.
„ის სასამართლო რაც იქ ფუნქციონირებს, ჩვენი კანონით არის უკანონო ორგანო. ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთი და რაც უკავშირდება გაფრინდაშვილს და მის ჯანმრთელობას, არის მისი პასუხისმგებლობა. გადაიდგას ყველა ნაბიჯი, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს“ ,- განაცხადა დავით ასათიანმა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.