თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს
ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლითაც უფრო ეფექტიანად განისაზღვრება და მოწესრიგდება მთელი რიგი სამართლებრივი ურთიერთობები თამბაქოს კონტროლის სფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ერთ-ერთ ინიციატორ ვლადიმერ კახაძის განცხადებით, თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მართალია აკრძალული იყო, მაგრამ კანონპროექტში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცნებას ახალი სახეები – ტაქსი, საბაგირო და სანაოსნო ტრანსპორტი დაემატება. საკუთარ სატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება სიგარეტის მოწევა, როცა აღნიშნულ ტრანსპორტში არასრულწლოვანი იმყოფება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ახლებურ სამართლებრივ რეგულირებას, ხოლო აღნიშნული კანონის ცალკეული ნორმები გარკვეულ კორექტირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, თამბაქოს კონტროლის სფეროში გამოიკვეთა ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგება აუცილებელია“, – განაცხადა მომხსენებელმა.