თამაზ მეჭიაურის მძღოლის გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
თამაზ მეჭიაურის მძღოლის გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად გადაყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და კონტაქტურია.
„პაციენტი არის კონტაქტური, შეწყვეტილია ხელოვნური ვენტილაცია ანუ აპარატიდან მოხსნილია, სუნთქავს დამოუკიდებლად, მიეწოდება ჟანგბადი. ნევროლოგიური დეფიციტი, რაიმე ტიპის ჩამორჩენა მოძრაობაში ან მეტყველებაში არ აქვს, თუმცა გარკვეული პოსტჰიპოქსიური მოვლენები, ასე ვთქვათ, ცნობიერებაში შეიმჩნევა, რასაც სჭირდება დრო, რეაბილიტაცია და გარკვეული მკურნალობა, ამის გამო პაციენტი რჩება რეანიმაციის განყოფილებაში“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩადუნელმა.
ახალგაზრდა მამაკაცის დედა კი, თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის სავარაუდო დამნაშავის დასჯას და პროკურატურისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
„პირველ რიგში დიდი ბოდიშის მოხდით, ჩვენს პოლიციის სამმართველოს უნდობლობას ვუცხადებ. შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ჩემი შვილის საქმე, რომ ეს პიროვნება, ზურაბ ბექაური დააკავონ, ის დღემდე მუშაობს და უფლებამოსილებაც არ აქვს შეწვეტილი. მოვითხოვ, დააკავონ და აღდგეს სამართალი. მე გუშინ ვიყავი სასამართლოში ასული და მოვითხოვე ჩვენებები, არანაირი ჩვენება არ მანახეს, მოწმეების ჩვენებები მინდოდა რომ წამეკითხა, არ გაქვს უფლებაო, დაზარალებულად არ ვართ ცნობილი. რა მტკიცებულებებს ელოდებიან, საკმარისი ის არ არის, რომ მოვიდა, შეურაცხყოფა მიაყენა, ცემა ჩემი შვილი და თვითმკვლელობამდე მიიყვანა? რაღას ელოდებიან ვერ ვიგებ“, – აღნიშნა გიორგი ხუმარაშვილის დედამ, ნენე ხარხელაურმა.
თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ გიორგი ხუმარაშვილი დაზარალებულია და შესაბამისი უფლებები უნდა ჰქონდეს.
„მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარი იყო გიორგის გადარჩენა და ყველაფერს, ჩემს ქმედებებს დავიწყებდი მას შემდეგ, რაც ეს მოხდებოდა. რეალურად, გადარჩენის შანსები უკვე გაიზარდა მნიშვნელოვნად. ფაქტია, რომ მორალურადაც და ისეც დაზარალებულია გიორგი და უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებები, ეს ფაქტია. თუ აქ არის რამე ეჭვები კიდევ, რომ შეიძლება შიგნით დაინტერესებული მხარეები იყვნენ გამოძიების პროცესში ჩართული, რა თქმა უნდა თუნდაც იმისათვის, რომ ეს ეჭვები გაიფანტოს მაღალ დონეზე უნდა მოხდეს ამ საკითხის შესწავლა, თუნდაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, – განაცხადა მეჭიაურმა.
გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა 18 სექტემბერს სცადა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.