თამაზ დოლაბერიძე - თუ სახელმწიფოს სჭირდება მარგანეცი და ქვანახშირი, ამ სფეროში დასაქმებულები საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გაათავისუფლოს
თუ სახელმწიფოს სჭირდება მარგანეცი და ქვანახშირი, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომელთა მძიმე შრომა არ შეესაბამება საბაზრო გათვლებს, საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გაათავისუფლოს, – ამის შესახებ პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემაში ჭიათურაში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სამი ათასამდე თანამშრომლის გაფიცვის საკითხი განიხილეს, რომელიც უკვე მერვე დღეა მიმდინარეობს.
გაფიცულების ოთხი მთავარი მოთხოვნიდან ყველაზე მთავრი ხელფასის 50 პროცენტიანი ზრდაა, მაგრამ როგორც გადაცემაში სტუმრად მყოფმა „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, კომპანიას სახელფასო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა ლომინაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შესაძლებელია, ეტაპობრივად გადაიჭრას.
პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1300 ლარია, ისეთი მძიმე და მაღალი რისკის შემცველ პროფესიაში, როგორიც მაღაროელის საქმიანობაა, არ შეიძლება, სახელფასო განაკვეთი 800, 700 და ზოგ შემთხვევაში, 500 ლარს შეადგენდეს, რაც მისი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზში“ დაშვებული პრაქტიკაა. იმავდროულად, დოლაბერიძე იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომ მოცემულ ეტაპზე, ხელფასის 50 პროცენტიანი ზრდა არაადეკვატური მოლოდინია. ის მიიჩნევს, რომ მაღაროელთა ანაზღაურების გაზრდის კუთხით, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, თუ ამ სფეროში დასაქმებულებს საშემოსავლო გადასახადისაგან გაათავისუფლებს.
„ხელფასის მატების მოთხოვნა დღეს არ წამოსულა. ამის შეგრძნება პროფკავშირებს დიდი ხანია გვაქვს, რადგან ყველაფერი, რაშიც დასაქმებულთა ხელფასი იხარჯება, გაძვირებულია. როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ ჯანმრთელობის დაცვაზე, საპროტესტო მოძრაობაში დიდი როლი ითამაშა სიგარეტის გაძვირებამ, რადგან მუშების ჯიბიდან 60 ლარის ნაცვლად 200 ლარამდე თანხა იხარჯება. ამგვარ პროცესებს სახელმწიფო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. მეორე მხრივ, მუშები ხელფასის 50 პროცენტიან და მეტ ზრდასაც იმსახურებენ. აბსოლუტურად ვიზიარებ კომპანიის გათვლებსაც, რომ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე, რამდენად აქვს ხელფასის მატების საშუალება“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელის მოადგილემ.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც.
„არ შეიძლება, ტყიბულშიც და ჭიათურაშიც ამ ადამიანების უმძიმესი შრომა მხოლოდ საბაზრო გათვლებს მიებას. აქ აუცილებლად უნდა დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. თუ სახელმწიფოს სჭირდება მარგანეცი, ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება ქვანახშირი და ამ ადამიანების მძიმე შრომა არაფრით შეესაბამება საბაზრო გათვლებს, როგორც ყველაზე მძიმე და საფრთხის შემცველი შრომის მონაწილეები გავათავისუფლოთ ისინი საშემოსავლო გადასახადისგან. წელიწადზე მეტია, აღნიშნული ინიციატივა დაყენებული გვაქვს. ეს დაეხმარებოდა ხელფასის ზრდის პროცესს, ანუ მაღაროელების ხელფასი ავტომატურად 20 პროცენტით გაიზრდებოდა და უკვე დანარჩენზე ეტაპობრივად კომპანიის ადმინისტრაციასთან მოხდებოდა შეთანხმება“, – განმარტა თამაზ დოლაბერიძემ.