თამაზ ჟღენტი, რომელიც დაღუპულ ბექა რუსიასთან ერთად მსახურობდა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს
თამაზ ჟღენტი, რომელიც შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტში ბექა რუსიასთან ერთად მსახურობდა და რომლის დაკითხვასაც ოჯახი ითხოვდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ პირველ არხს დაღუპული წვევამდელის, ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატმა განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს ჟღენტი დაღუპულის ოჯახში იმყოფებოდა და ოჯახის წევრებმა მისი გამოკითხვა მოითხოვეს, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ჟღენტის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდებოდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის, ბექა რუსიას ოჯახის წევრების გამოკითხვა დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.