ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა
ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატი - მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი არკადი კვანჭიანი იმყოფება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გამომძიებელი ოჯახის წევრებს ადვოკატის თანდასწრებით კითხავს.

ადვოკატ როლანდ შონიას ინფორმაციით, კითხვები შეეხება იმ ახალ გარემოებებს, რაც საქმესთან მიმართებაში გამოიკვეთა.  მისივე თქმით, გამოძიებას კითხვები აქვს ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ფოტო და ვიდეოკადრებთან დაკავშირებით.

როგორც ადვოკატი ამბობს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს იყო არა გაუფრთხილებლობით მომხდარი უბედური შემთხვევა, არამედ განზრახ მკვლელობა.

„ჩემს კუთვნილ ტელეფონზე განხორციელდა სატელეფონი ზარი, სადაც მითხრეს – შენ რა დღეში ხარ, ასე რატომ აქტიურობო. ეს სავარაუდოდ არის მუქარა და ბექა რუსიას საქმეს უკავშირდება“,- განაცხადა ადვოკატმა.

გამომძიებელთან შეხვედრაზე დაზარალებულმა თავისი მოთხოვნები ჩამოაყალიბა – ოჯახი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მაღალჩინოსნების დასჯას და შსს მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, დაზარალებულის მოთხოვნაა, გამოძიების ჩატარება არა მხოლოდ კადრების კუთხით, არამედ ზოგადად ბექა რუსიას საქმესთან დაკავშირებით.

ბექა რუსიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებისთვის იმ ფოტო და ვიდეომასალის გადაცემას ითხოვს, რომელიც უწყების ცნობით რუსიას ოჯახს აქვს.

ამ მასალის საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო და განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით აღიძრა.

შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა.

გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.