ბექა რუსიას გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურაში მისი მეგობრები გამოკითხეს
ბექა რუსიას გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურაში მისი მეგობრები გამოკითხეს

მუჟავას საგუშაგოზე გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიების ფარგლებში, საოლქო პროკურატურაში ბექა რუსიას მეგობრები გამოკითხეს. მათ პროკურატურის დატოვების შემდეგ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ მათზე ზეწოლა არ ყოფილა.

რაც შეეხება ვიდეომასალაზე აღბეჭდილ მოქმედებებს, მათი ინფორმაციით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის როლანდ შონიას მტკიცებით, მოწმეები პროკურატურაში გამოკითხვაზე პოლიციამ მიიყვანა, რაც სამართლებრივად მიზანშეწონილი არ არის და თავის მხრივ, მოწმეებზე ზეწოლის ნიშნებს შეიცავს.

პროკურატურის ინფორმაციით, გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალა ბექა რუსიას საქმეს არ დაერთვება. ფოტო და ვიდეომასალას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღებენ.

ბექა რუსიას დაღუპვის ფაქტზე სასამართლო პროცესი 26 თებერვლამდე გადაიდო. დაღუპულ ბექა რუსიას და ბრალდებულის ოჯახის წევრები საგუშაგოს მორიგე უფროსის ალექსნადრე კვიჟინაძისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვენ. ბექა რუსიას საქმეზე ბრალდებული ჯალაღანია დანაშაულს აღიარებს.

შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმეს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით იძიებენ.