ადვოკატი - ბექა რუსიას ოჯახი პროკურატურისთვის ვიდეო და ფოტომასალის გადაცემაზე უარს აცხადებს
ადვოკატი - ბექა რუსიას ოჯახი პროკურატურისთვის ვიდეო და ფოტომასალის გადაცემაზე უარს აცხადებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, საგუშაგოზე დაღუპული ბექა რუსიას საქმეზე პროკურატურა გამოძიებისთვის ოჯახის ხელთარსებული ვიდეო და ფოტომასალის გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ პირველ არხს რუსიას ოჯახის ადვოკატმა განუცხადა.

როლანდ შონიას ინფორმაციით, ეს არის ახალი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს სასამართლო პროცესზე.

თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, რუსების ოჯახი უარს აცხადებს პროკურატურისთვის აღნიშნული მტკიცებულებების გადაცემაზე.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გარდაცვლილის დედას ესაუბრა გამომძიებელი ვინმე კვანჭიანი და უთხრა, რომ ბექა რუსიას ტელეფონში არსებული ვიდეო და ფოტო მასალა ახალი საქმის გამოსაძიებლად სჭირდებათ, რაზეც ოჯახისგან უარი მიიღო.

„თუ ჩემი შვილის საქმეზე ეს მასალა არ იქნება დართული, გამოძიებას სხვა საქმისთვის არ გადავცემ“,- აცხადებს ბექა რუსიას დედა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრთან ან მოადგილესთან შეხვედრას ითხოვს.

ბექა რუსიას გარდაცვალების ფაქტზე სასამართლო პროცესი ზუგდიდში, 30 იანვარს არის ჩანიშნული.

შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა.

გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.