თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია [ფოტო]
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გზის სავალი ნაწილის გაწმენდის სამუშაოები დასრულებულია.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, გზა კვლავ ცალმხრივად გადაკეტილია. მოძრაობა თავისუფალია ჭავჭავაძის გამზირიდან თამარაშვილის გავლით საბურთალოს და ე.წ. ახალი გზის მიმართულებით, ხოლო საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე.
გეოლოგები ადგილის შესწავლას სავარაუდოდ დღეს დილიდან დაიწყებენ.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.
თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა გვიან ღამით ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს და გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა.