ირაკლი ბენდელიანი - თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს
ირაკლი ბენდელიანი - თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტები დარწმუნდებიან, რომ კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს.

„ხვალ დილით, როგორც კი გათენდება, სპეციალისტები უნდა ავიდნენ, დღის შუქზე შეამოწმონ არსებული დაზიანება. ასევე უნდა დავაზღვიოთ ის მომენტი, რომ თუ არსებობს საშიშროება, კიდევ რაღაც ჩამოიშალოს, ხელოვნურად უნდა მოხდეს ამ პროცესის დაჩქარება, რომ გაიწმინდოს მთლიანი პერიმეტრი და ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ აღდგება მოძრაობა. ხვალ დილით სანამ სპეციალისტები კონკრეტულ ადგილებს არ შეამოწმებენ, გზა არ გაიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანის თქმით, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის დამცავმა ბადეებმა დაცვის ფუნქცია მნიშვნელოვნად შეასრულა.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა შეასრულა დამცავმა ბადეებმა. სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ამ ბადეების არარსებობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, ზიანი მიგვეღო“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე კლდის მასა ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ თამარაშვილის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის საფრთხე აღარ არსებობს და გზის გაწმენდის სამუშაოები მალე დაიწყება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კლდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი მიწის ქანების აგებულებაა.