თამარ სანიკიძე - შემოვიდა აფილირების ცნება, რაც გამორიცხავს, ერთი და იგივე პროფესორი ყველა ინსტიტუტში იყოს მოდებული, ეს ავტორიზაციის მიზნებისთვის კეთდება
თამარ სანიკიძე - შემოვიდა აფილირების ცნება, რაც გამორიცხავს, ერთი და იგივე პროფესორი ყველა ინსტიტუტში იყოს მოდებული, ეს ავტორიზაციის მიზნებისთვის კეთდება

შემოვიდა ახალი, აფილირების ცნება, რაც გამორიცხავს, ერთი და იგივე პროფესორი ყველა ინსტიტუტში იყოს მოდებული, რაც რეალურად, ავტორიზაციის მიზნებისთვის კეთდება, – განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ისინი ამას ვეღარ გააკეთებენ, რადგან ყველა დაწესებულებას მასთან აფილირებული პერსონალი ეყოლება, რომელიც მხოლოდ მათი იქნება“, – განაცხადა სანიკიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შეეძლება თუ არა კონკრეტული უნივერსიტეტის აფილირებულ პროფესორს ლექციის სხვა უნივერსიტეტში წაკითხვა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ მას შრომის უფლებას ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ კვლევებში, საზოგადოებრივ, თუ საგანმანათლებლო აქტივობებში პროფესორი იმ კონკრეტულ დაწესებულებას წარმოადგენს, სადაც აფილირებულია და მთელი ეს ბენეფიტი სწორედ იმ დაწესებულებას დაეწერება.

„მე ვსაუბრობ აკადემიურ პერსონალზე, ვისაც დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობები უჭირავს და არ ვსაუბრობ მოწვეულ პერსონალზე, რომელსაც დაწესებულებები ასევე იყენებენ, რადგან ყველა საგნის პედაგოგები არ ჰყავთ. ადამიანებს, რომლებსაც დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობები უჭირავთ, სხვაგან მუშაობის უფლებას არ ვუზღუდავთ, მაგრამ აქ სხვადასხვა მექანიზმი მუშაობს. მაგალითად, ინსტიტუტმა სხვის აკადემიურ პერსონალს განვითარებაში ფული რატომ უნდა დაახარჯოს?! ან, კვლევის შედეგები როგორ უნდა ჩაითვალონ?! ეს მექანიზმები უნივერსიტეტებს აიძულებს, აკადემიურ პერსონალს უკეთესი პირობები შეუქმნან და თავისთან დაიმაგრონ“, – განაცხადა სანიკიძემ.

მისი თქმით, ეს იმას გამოიწვევს, რომ დაწესებულებებს პროგრამების ყველა მიმართულებით განხორციელების რესურსი აღარ ექნებათ.

„მათ ალბათ, არ ექნებათ რესურსი, პროგრამები ყველა მიმართულებით ახორციელონ, არ ჰქონდეთ თავიანთი ნიშა, არ გაითვალისწინონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა და ბაზარზე იმდენ სტუდენტი აღარ გამოუშვან, რომ მათი ნახევრის დასაქმებაც ვერ მოახერხონ. ამიტომ ვთხოვთ ინსტიტუტებს, პერსონალის მოზიდვისა და განვითარებისთვის საჭირო რესურსები, საბიუჯეტო სახსრები ჰქონდეთ, რაც დაგვანახებს, რომ ისინი თავიანთი პერსონალის განვითარებაზე არიან ორიენტირებული“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.