თამარ ქალდანი - პერსონალური მონაცემების დაცვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა
პერსონალური მონაცემების დაცვა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა განაცხადა.
როგორც თამარ ქალდანმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს ტარდება, ემსახურება იმას, რომ მოქალაქეების ინტერესები უკეთ იყოს დაცული.
„კონფერენციაზე შევეხებით ევროპული რეგულაციის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. რა გავლენა მოახდინა ახალმა ევროპულმა რეგულაციამ, რომელთან ჰარმონიზაციასაც ჩვენი კანონმდებლობა გააგრძელებს. ტექნოლოგიები ვითარდება სწრაფად და ასევე სწრაფად უნდა განვითარდეს უფლებრივი დაცვის მექანიზმები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვჭირდება როგორც კერძო და საჯარო ორგანიზაციების მეტი მოტივაცია, ასევე მოქალაქეების აქტიურობა. ყოველთვის ვამბობთ, რომ ერთ მოქალაქეს შეუძლია დაიცვას არა მხოლოდ მისი, არამედ ძალიან ბევრი მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ინტერესი“, – განაცხადა ქალდანმა.
ამასთან, თამარ ქალდანის განცხადებით, აპარტმა 2018 წელს 470 პროცესი შეისწავლა, ხოლო 266-ზე მეტი სამართალდარღვევა გამოავლინა.
„ექვსი ათასზე მეტი კონსულტაცია გვაქვს გაწეული. წლიდან წლამდე მომართვიანობა იზრდება და სტატისტიკური მაჩვენებლებიც მზარდია. იმედი მაქვს, მალე დადგება ეტაპი, როდესაც სამართალდარღვევების კლება დაიწყება. მომართვიანობა ეხება ძალიან ბევრ თემას, რადგან პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს უამრავი ორგანიზაცია – როგორც საჯარო, ასევე კერძო. მონაცემთა გასაჯაროება არის ერთ-ერთი პრობლემა. ასევე განსაკუთრებულად გამოვყოფდი არასრულწლოვანთა მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროებას, რადგან უნდა გვესმოდეს – შეიძლება ერთმა არასწორმა ნაბიჯმა ბავშვს ცხოვრება დაუნგრიოს. ამ თემებზე განსაკუთრებულ აქცენტს ვამახვილებთ. ჩვენ ასევე მოვამზადეთ ძალიან მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, ვფიქრობ, ბევრ პრობლემას საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრის“, – განაცხადა ქალდანმა.
თბილისში პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილავენ.