თამარ მერაბიშვილი - მოვითხოვ, ჩემი მეუღლის მონახულების საშუალება მომეცეს
თამარ მერაბიშვილი - მოვითხოვ, ჩემი მეუღლის მონახულების საშუალება მომეცეს

ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თამარ მერაბიშვილი კლინიკაში მერაბიშვილთან შეშვებას ითხოვს. მისი თქმით, საავადმყოფოში დღეს არ შეუშვეს და ქორწინების მოწმობა მოსთხოვეს.

„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, ჩემი მეუღლე უკვე ხუთჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში გამოკვლევებზე. დღემდე ოჯახის წევრებს არ გვაცნობენ საბოლოო დიაგნოზს. დღეს ვაპირებდი საავადმყოფოში მეუღლის მონახულებას, მაგრამ არ შემიშვეს და მომთხოვეს ქორწინების მოწმობა. უკანასკნელი ექვსი წელია, დავდივარ მატროსოვზე ვანოსთან შესახვედრად და არასდროს დამდგარა საჭიროება, წარმომედგინა დოკუმენტი, რომ ვარ ვანო მერაბიშვილის მეუღლე. მოვითხოვ, მომეცეს საშუალება, მოვინახულო ჩემი მეუღლე.

გარდა ამისა, ჩემთვის დღემდე უცნობია, თუ კვლევები უტარდება მას, მხოლოდ ვისმენთ საჯარო განცხადებებს და დღემდე არ გვაქვს მისი კვლევის შედეგები. მეტიც, სახელმწიფო არცერთ ეტაპზე, საქმის კურსში არ ამყოფებს არც მისი ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს კვლევებსა და მათ შედეგებზე“, – აღნიშნულია თამარ მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც „ფეისბუქში“ ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ დღეს გადაიყვანეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილი ექიმებთან ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.