თამარ მახარობლიძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა
იურისტების გარკვეული ჯგუფის მხრიდან ე.წ. რეზოლუციის პროექტზე მსჯელობა წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ვინაიდან მათი მოსაზრებები არავითარ ფაქტობრივ გარემოებას არ ეფუძნება და, შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი სახის პროექტზე მსჯელობას არ აქვს ლეგიტიმური საფუძველი, – ამის შესახებ სამართალმცოდნე, თსუ-ს პროფესორი თამარ მახარობლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მახარობლიძე ეხმაურება იურისტების ჯგუფის რეზოლუციის პროექტის პარლამენტში შეტანას, რომელიც, მათივე თქმით, სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებასა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.
„მსგავსი პოლიტიკური შინაარსის მოწოდება საქართველოს პარლამენტის მიმართ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განმტკიცებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ასევე არყევს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, იურისტების ჯგუფი უნდა აცნობიერებდეს, რომ მსგავსი სახის მოწოდება პირდაპირ ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს.
დასახელებული ჯგუფის მოთხოვნა, რომ პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია მართლმსაჯულების სისტემის უარყოფითად შეფასების შესახებ, მიზნად ისახავს, რომ საქართველოს პარლამენტი გამოვიდეს ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოებიდან, დაარღვიოს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, უხეშად ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში და ეჭქვეშ დააყენოს სასამართლოს მიერ მიღებული ყველა იმ გადაწყვეტილების კანონიერება და სამართლიანობა, რომელთა უკან თითოეული მოქალაქის ინტერესები დგას და წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს.
სასამართლო ხელისუფლების საქმიანობის მსგავსი აბსტრაქტული და დაუსაბუთებელი შეფასება, მის მიმართ წაყენებული უსაფუძვლო ბრალდებები და სხვადასხვა ფორმით სასამართლო საქმიანობის პროცესში აშკარა ინტერვენციის მცდელობა, რასაც, ბოლო დროს, გარკვეული დაინტერესებული სუბიექტების მხრიდან სამწუხაროდ აქვს ადგილი, ცუდი შედეგის მომტანია არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების, არამედ მთლიანად სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი საერთაშორისო რეპუტაციისთვის“, -წერს მახარობლიძე.
მისივე აზრით, დასახელებული ჯგუფი ცდილობს, უნდობლობა გამოუცხადოს სასამართლო ხელისუფლებას, ობიექტური რეალობა კი, არის სრულიად განსხვავებული.
„2019 წელს მსოფლიოს მაღალრეიტინგული კვლევითი ორგანიზაციის IPSOS France მიერ სხვა სუბიექტებთან ერთად გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს საქართველოს მოსახლეობის 51% აფასებს როგორც ძალიან ან მეტწილად კარგს; მაშინ, როდესაც ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა შეფასებულია 52%-ით. საქართველოში სასამართლოს მოსარგებლეთა შორის კი, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალია და შეადგენს 55%.
საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებაზე მეტყველებს ასევე ის ფაქტიც, რომ 2009-2012 წლებთან შედარებით 2013-2016 წლებში 87%-ით იკლო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ზრდას ადასტურებს ასევე ისიც, რომ 721,4%-ით გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, გახშირდა სისხლის სამართლის საქმეთა შეწყვეტის შემთხვევები, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებამ მკვეთრად იკლო. გარდა ამისა, საგრძნობლად გაიზარდა პროკურატურის სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობებზე, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიებებზე, სასამართლოს მხრიდან უარის თქმის შემთხვევები. ეს ყოველივე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში სასამართლო აღარ წარმოადგენს მთავრობისთვის „დაქვემდებარებულ“ დაწესებულებას, რომელიც ადრე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მიერ საკუთარი ინტერესების გატარების ინსტრუმენტად იყო ქცეული.
ე.წ. რეზოლუციის პროექტის ავტორები, ისე, რომ ერთ ფაქტზეც არ მიუთითებენ, სრულად უგულვებელყოფენ ყველა ამ საერთაშორისო კვლევას და ამ პრესტიჟული ორგანიზაციების საწინააღმდეგოდ ცდილობენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების რეპუტაციის შელახვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ დაიჩრდილოს „ქართული ოცნების“ უდიდესი, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე მონაპოვარი – სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ ელემენტს“, – წერს მახარობლიძე სოციალურ ქსელში.