მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ ხმამაღლა უნდა გაიგოს საქართველოს ხმა, ხელისუფლებას, პარლამენტსა და ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ ამას ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი - ყველამ ხმამაღლა უნდა გაიგოს საქართველოს ხმა, ხელისუფლებას, პარლამენტსა და ხალხს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, სწორედ ამას ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გაცხადებული მიზანი ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციაა.

მისივე თქმით, ეს არის ის, რისთვისაც ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა.

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ემსახურება იმას, რომ ყველამ ხმამაღლა გაიგოს, საქართველოს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„დღეს არის მოცემულობა, როცა გარკვეული დისკუსიები მიმდინარეობს უკრაინისთვის ევროინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად. ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მომენტი, როცა ყველამ ხმამაღლა უნდა გაიგოს საქართველოს ხმა, თუ რას სურს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტსა და ქართველ ხალხს. ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია და სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ ეფექტურად ინიცირებული რეზოლუციის პროექტი.

გულწრფელად გეტყვით, ამ რეზოლუციის პარლამენტში ინიცირება მსურდა ერთი წლის წინ, თუმცა ვფიქრობდი, ეს არის ის საკითხი, რაზეც საჭირო იყო არა მხოლოდ ერთი პარტიის თანხმობა და ინიცირება, არამედ ყველა პარტიის თანხმობა და გვერდით დგომა იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, პარლამენტში ძალიან დიდხანს მოგვიწია ჩვენ,  მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ყოფნა. შესაბამისად, ამ რეზოლუციის იდეა საკმაოდ გაგვეწელა. ეს არის მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ საჭირო და აუცილებელია, საქართველოს პარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, „ევროკავშირის ხელშეკრულების“ 49-ე მუხლის საფუძველზე ევროპული პერსპექტივის შესაბამისად, გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.