კარლ ჰარცელი - მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს, მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, თუ როგორ იქნება ფორმულირებული, ეს პარლამენტის ამოცანაა
კარლ ჰარცელი - მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს, მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, თუ როგორ იქნება ფორმულირებული, ეს პარლამენტის ამოცანაა

ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დავდგეთ პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზადყოფნა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები მოჰყვება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დეესკალაციისკენ.

„როგორც იცით, გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის. ასევე გადამწყვეტი მომენტია საქართველოსა და დანარჩენი რეგიონისთვის, გადამწყვეტი მომენტია ევროპისა და ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ გავიმეოროთ და დავდგეთ ჩვენს პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზადყოფნა მოქმედებისთვის.

როგორც იხილეთ, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს ძალიან მკაფიო ნაბიჯია და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დეესკალაციისკენ. ამავდროულად, იცავს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს. პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისა და მისი მოსახლეობის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველომ – როგორც ხელისუფლებამ, ასევე, ცალკეულმა პირებმა გამოხატეს სოლიდარობა და რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს კავშირი მჭიდროა. რაც შეეხება ამჟამინდელ დისკუსიებს, მივესალმები პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს. ეს კომპლექსური საკითხია. მნიშვნელოვანია გამოიხატოს როგორც პრინციპები, ასევე სოლიდარობა უკრაინის მიმართ. თუ როგორ იქნება უკეთ ფორმულირებული, ეს პარლამენტარებისა და პარლამენტის ამოცანაა. ამაზე კომენტარს დღეს მე ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.