უკრაინელი დეპუტატი - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საკადრისი პასუხი რომ გასცემოდა, მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე პროცესების თავიდან აცილებას შეძლებდა
უკრაინელი დეპუტატი - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საკადრისი პასუხი რომ გასცემოდა, მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე პროცესების თავიდან აცილებას შეძლებდა

მოვუწოდებთ ყველას, მხარი დაუჭირონ ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი პრობლემები რუსეთის ფედერაციის მოქმედებების შედეგად თქვენს ტერიტორიებზეც არ გაჩნდეს, – ამ სიტყვებით მოუწოდა უკრაინელმა დეპუტატმა რეფატ ჩუბროვმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული რეზოლუციის მიღებამდე გამართულ დებატებზე.

ჩუბროვის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის საოკუპაციო ქმედებებს ყოველთვის და ყველა დონეზე გაეცეს საკადრისი პასუხი. უკრაინელმა დეპუტატმა დღეს დარბაზში შეკრებილ კოლეგებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაახსენა და აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მაშინ საკადრისი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მსოფლიო მოგვიანებით უკრაინაში მიმდინარე პროცესების თავიდან აცილებას შეძლებდა.

„2008 წლის აგვისტოში სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიას საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საკადრისი პასუხი რომ გასცემოდა, ჩვენი ქვეყნები და მთლიანობაში მსოფლიო თავიდან აირიდებდნენ თანმდევ პოლიტიკურ კრიზისებს, რომელიც 2014 წელს სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრამ, ყირიმის ოკუპაციამ, მისი ანექსიის მცდელობამ და უკრაინის აღმოსავლეთში ომის გაჩაღებამ გამოიწვია. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდებდით უკრაინის 13 ათასი მოქალაქის სიკვდილს და რუს ოკუპანტებს მძევლად არ გადავცემდით ყირიმის ძირძველ მოსახლეობას“, – აღნიშნა რეფატ ჩუბროვმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული რეზოლუცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 50 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო. პროექტს მხარი არ დაუჭირა რუსულმა დელეგაციამ. დარბაზში მყოფმა რვა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.