თამარ ხულორდავა - საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია იკლებს
თამარ ხულორდავა - საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია იკლებს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული ტენდენცია იკლებს. ხულორდავამ ამის შესახებ  გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ჰორსტ ზეეჰოფერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

თამარ ხულორდავას თქმით, მნიშვნელოვანია იმ მონაპოვრის გაფრთხილება, რაც ვიზალიბერალიზაციის სახით გვაქვს.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, გერმანიასთან და იმ ქვეყნებთან, სადაც არის გარკვეული წუხილი საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გერმანია არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან და ამ ურთიერთობის შედეგად, უკვე ვხედავთ, რომ ის ტენდენცია არის შეცვლილი – ანუ ზრდის ტენდენცია არის შეცვლილი კლების ტენდენციით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური რეპუტაციისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც დეპორტაციას გააადვილებს. გერმანული მედია 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდის. ამასთან, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა მიერ შევსებული განაცხადების, მხოლოდ 0,7 ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს. ქართველების უმეტესობა, 75% ქურდობაზე დააკავეს. ჰორსტ ზეეჰოფერი აცხადებს, რომ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებამაც განაპირობა.