ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - არ გვინდა, საავადმყოფოები გადავაქციოთ ბრძოლის ველად, თუმცა გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური - არ გვინდა, საავადმყოფოები გადავაქციოთ ბრძოლის ველად, თუმცა გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი

გადაწყვეტილი გვაქვს, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელს არ სურს, საავადმყოფოები აქციოს ბრძოლის ველად.

„ჯარისკაცები შევიდნენ ჯენინის საავადმყოფოში, სადაც ტერორისტული ჯგუფი სერიოზული თავდასხმის განხორციელებას და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების მოკვლას გეგმავდა. ჩვენ არ გვინდა, საავადმყოფოები გადავაქციოთ ბრძოლის ველად, სადაც მარჯვნივ არიან პაციენტები, მარცხნივ – ექიმები და ექთნები, შუაში კი – ტერორისტები. თუმცა ჩვენ უფრო მეტად გვაქვს გადაწყვეტილი, არ დავუშვათ, საავადმყოფოები გახდეს ტერორიზმის თავშესაფარი. ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს ტერორისტებს, შეინახონ იარაღი“, – აღნიშნა ჰალევმა ჯარისკაცებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, სამედიცინო პერსონალის სამოსში გადაცმული ისრაელელი სამხედროები ჯენინის საავადმყოფოში შეიჭრნენ და სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჯანდაცვის ცენტრების დაცვის გარანტიისკენ მოუწოდა.