თამარ ხულორდავა - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადება პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია
თამარ ხულორდავა - ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადება პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია

ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ელემენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც არავინ უნდა აჰყვეს.

„რუსულ რბილ ძალაზე არ საუბრობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებიც საზღვარს იყოფენ რუსეთთან და პირდაპირ ცეცხლის ხაზზე არიან. უკვე იმდენად მომწიფებულია სიტუაცია და ისეთი შეცვლილია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ევროკავშირის ქვეყნებში, რომ ეს არის პრობლემა, რომელზეც ხმამაღლა საუბრობს ყველა. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებული სრული პროვოკაციაც არის ერთ-ერთი ელემენტი. აუცილებელია ჩვენი საზოგადოების დაცვა ასეთი ტიპის საფრთხეებისგან და აუცილებელია, რომ მსგავს პროვოკაციებს არ ავყვეთ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ „აშშ-ი ლუგარის ლაბორატორიაში საქართველოს მცხოვრებლებზე ექსპერიმენტებს ატარებს“. რუსული მხარის მტკიცებით, ტოქსიკური ნივთიერების გამოცდის გამო, 2015 წლის დეკემბერის შემდეგ ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს განცხადება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების მეთაურმა იგორ კირილოვმა გააკეთა. ამასთან, თავდაპირველად ამ თემაზე პრესკონფერენცია მოსკოვში იგორ გიორგაძემ გამართა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას 5 ოქტომბერს უპასუხა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, რუსეთი აგრძელებს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელებას რიჩარდ ლუგარის ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.