ირაკლი სესიაშვილი - დიდი ალბათობით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული
ირაკლი სესიაშვილი - დიდი ალბათობით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული

საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ მაქვს, მაგრამ გეტყვით, რომ დიდი ალბათობით, ეს კიბერთავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე კომენტარისას აღნიშნა.

სესიაშვილის თქმით, ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რადგან მთავარი ამოცანა პროპაგანდა და დეზინფორმაციაა.

„მეთოდოლოგია ძალიან ცნობილია – ინფორმაციას იპარავ და დიდ ნაწილს ავთენტურად აქვეყნებ. ავთენტურობის ხარჯზე უკვე ფალსიფიცირებულ ინფორმაციას ავრცელებ და ცდილობ, რომ მართალი ინფორმაციით მომხმარებელს ტყუილი დააჯერო. თქვენ იცით, რომ განცხადება გაკეთდა, თურმე, მომაკვდინებელი ნივთიერება A234 ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, რაც სისულელე და აბსურდია.

ფაქტია, რომ ეს არის საბჭოთა სამხედრო მეცნიერების მიერ შექმნილი მომაკვდინებელი ნივთიერება, რომლის გამოც თანამედროვე რუსეთში ათამდე პირი იქნა მოკლული. ის, რომ ამ ნივთიერებასთან ლუგარის ლაბორატორიას რაიმე კავშირი აქვს, ამას არავინ დაიჯერებს. როგორც ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურები გათვლას არა გარე სამყაროზე, არამედ თავის მოქალაქეებზე აკეთებენ“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე განცხადებით, კიბერთავდასხმა ძალიან მძიმე დანაშაულია და მას აქვს გარკვეული პოლიტიკური მიზნები, რაც მომავალში გამოჩნდება.

„როგორც წინა, ასევე ამ შემთხვევაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი გამოძიებული იქნება და საერთაშორისო საზოგადოება მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას, თუ რასთან გვქონდა საქმე. ჩვენი კიბერსისტემის გაძლიერებას ვაგრძელებ და გუშინ კანონპროექტი გავიტანე, რაც კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას ეხება. რუსულ სპეცსამსახურებს ისრები სადღაც სხვაგან გადატანა უნდათ. ის, რომ „ნავიჩოკის“ შემქმნელი და მწარმოებელი რუსეთია და თანამედროვე რუსეთში რამდენიმე ადამიანი იქნა მოკლული, ფაქტია. ამის ლუგართან დაკავშირება გარდა იმისა, რომ სისულელე და აბსურდია, პროპაგანდაა. ლუგარზე თავდასხმა არაერთხელ გვინახავს. ამას ვუკავშირებ ლუგართან მიმართებაში ქართულ-ამერიკული ურთიერთობის დისკრედიტაციას რუსეთის მხრიდან, ასევე „კოვიდ 19“-თან ბრძოლას, რადგან საქართველო ძალიან წარმატებული იყო და რუსეთის წარუმატებლობა, ან საქართველოს წარმატების დისკრედიტაციას ველოდოთ. ყველაფერთან ერთად, წინასაარჩევნო პერიოდია და როგორც ჩანს, ჩვენს მტრებს არ სურთ, რომ ძლიერი საქართველო გამოჩნდეს თავისი ხელისუფლებითაც. ბევრ ვერსიაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ გამოძიებას უნდა დაველოდოთ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი