თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, სამედიცინო პერსონალის სრული ვაქცინაცია პირველ ას დღეში დაასრულოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო 22 მარტის კვირაში მიიღებს 14 500 ადამიანის ვაქცინაციისთვის საჭირო „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს, რომელიც ორჯერადი აცრისთვის საკმარისი იქნება.
„ჩვენი მოცვისთვის სამიზნე არის დაახლოებით 54-55 ათასი სამედიცინო სფეროს მუშაკი, „ასტრაზენეკას“ 43 200 ვაქცინას დაემატება ასევე „ფაიზერის“ ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში 14 500 ადამიანის ასაცრელად, ეს დოზები საკმარისი იქნება ორჯერადი აცრისთვის“, – განაცხადა გაბუბნიამ.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, გაბუნიას გაბნმარტებით, მეორე აცრისთვის საჭირო დოზებს აპრილის თვეში ელოდებიან.
„86 000 დოზა გარანტირებულად, აუცილებლად ჩამოვა. ამდენად, ამ ეტაპისთვის გვაქვს დოზების საკმარიზე მეტი რაოდენობა, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინით. ფაიზერის დოზები გაიყოფა, შეინახება, რომ 14 500 ადამიანი მეორე დოზითაც აიცრას „ფაიზერით“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის პროცესი უკვე ხვალიდან იწყება.
„ექიმების აცრისთვის ჩვენ გვაქვს დაახლოებით 10-დღიანი ინტერვალი იმისთვის, რომ მოვიცვათ და ყველას შევთავაზოთ ვაქცინაცია. შესაძლებელია, ზოგიერთმა კოლეგამ გადაწყვიტოს, რომ დაიცადოს და უფრო მოგვიანებით შემოუერთდეს ვაქცინაციის პროცესს, თუმცა ამ ათი დღის განმავლობაში მაქსიმალური აქტივობა არის მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს რისკების შემცირება და რეალურად მივიღოთ ის შედეგი, რაც გვინდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კამპანიის სახით გამოაცხადა პირველი ასი დღე, ეს არის პერიოდი, რომ ყველა ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის სრული ვაქცინაცია მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანაც შეუერთდეს ამ კამპანიას. რეალურად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ამ პერიოდში დავასრულოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.