თამარ ჩუგოშვილი - ლილიან მორი პასკიე ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად არ არის ჩამოსული, ვიზიტი ცერემონიული ხასიათისაა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე საქართველოში ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გასარკვევად და საძიებლად არ არის ჩამოსული.
თამარ ჩუგოშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ არ ხვდება ვიზიტის ფარგლებში ლილიან მორი პასკიე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
დეპუტატის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი, თუმცა შეხვედრაზე არც ერთი არ მივიდა.
„მიზეზს ვერ გეტყვით, რატომ ვერ მოახერხეს შეხვედრაზე ყოფნა. ისინი მოწვეული არიან ასევე ოფიციალური ვახშამზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან გაიმართება, სადაც იქნებიან როგორც დელეგაციის მოქმედი წევრები, ასევე ყოფილი წევრები, მათ შორის გუგული მაღრაძე. რაც შეეხება სხვა შეხვედრებს, როცა ვიზიტს ვგეგმავდით, სტუმარმა მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. სურვილი არ გამოუხატავს ოპოზიცურ პარტიებთან ან არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის, რადგან ვიზიტი ცერემონიული ხასიათისაა, გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება. შესაბამისად, მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებს ხვდება და სესიაზე სიტყვით გამოდის. ჩამოსული არ არის ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების გარკვევად და საძიებლად. ვიზიტის დროს სტუმარი თავად წყვეტს, ვისთან უნდა საუბარი. მისი სურვილი იყო, მხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვედროდა და არა სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორებს, რაც გასაგებია, რადგან ვიზიტის დატვირთვაა ამდაგვარი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს გუშინ ეწვია, ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ლილიან მორი პასკიე პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. დღესვე, ის წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში, შემდეგ კი, სოფელ ოძისში ჩავა, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს. ხვალ კი, საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, რომელზეც სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.