ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს დღეს დაიწყებს.

ლილიან მორი პასკიე საქართველოს გუშინ საღამოს ეწვია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე ლილიან მორი პასკიე წეროვანში გაემგზავრება, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს, ხოლო შემდეგ სოფელ ოძისში ჩავა, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხვალ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

ხვალვე საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, რომელსაც სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ლილიან მორი პასკიეს ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

დელეგაციაში, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ასამბლეის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის პირველი მოადგილე გრეტა ფაგიანი.