თამარ ჩუგოშვილი - სასამართლო რეფორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლებელია, წითელი ხაზებიც ამ თემასთან იყოს დაკავშირებული
თამარ ჩუგოშვილი - სასამართლო რეფორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლებელია, წითელი ხაზებიც ამ თემასთან იყოს დაკავშირებული

სასამართლო რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და შესაძლებელია, წითელი ხაზებიც ამ თემასთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, აქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის თემა უნდა წავიდეს სწორი მიმართულებით.

„გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაქვს მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის თემა უნდა წავიდეს სწორი მიმართულებით. მაქვს მოლოდინი, რომ კანონი, რომელიც დაიწერება პარლამენტის მიერ, იქნება ღია და გამჭირვალე. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლები, რომლებიც დაინიშნებიან, იქნებიან საუკეთესოები, ახლა მე ამაზე ვარ ორიენტირებული. არ მინდა, შიდა დაპირისპირებებზე დროის ხარჯვა. მთავარია, ეს პროცესი, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, დასრულდეს შედეგით, რა შედეგიც აწყობს ჩვენ ქვეყანას. ეს შედეგია არა დაპირისპირებები, არამედ სწორი კანონით დავნიშნოთ სწორი მოსამართლეები, თუ არ გამართლდა, მერე ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემა არის ყველაზე პრინციპული.

„წლები მაქვს სასამართლო რეფორმაზე ნამუშევარი, ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება დადგეს ამ წლების განმავლობაში, შესაბამისად, შესაძლებელია, წითელი ხაზები ამ თემასთან იყოს დაკავშირებული. გუნდიდან წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება. მე თავს ვხედავ სწორად ამ ვალდებულებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.