თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რათა ხორავას ქუჩის საქმის დეტალებში თავად ჩაიხედოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საქმე, რომლის გამოც კომისია იქმნება, ემოციურად ძალიან მძიმე ფაქტია.
„ფაქტობრივად, უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვიღებთ, რადგან საგამოძიებო კომისია რამდენჯერმე არის შექმნილი და არასდროს არ არის შექმნილი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, როცა ჯერ კიდევ სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს. ვინაიდან, საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი მძიმეა და ამდენი კითხვაა, ფაქტობრივად, პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, რათა დეტალებში თავად ჩაიხედოს, თავად გაერკვეს, ზუსტად რა მოვლენები განვითარდა და საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ ამ ყველაფერზე ინფორმაცია სრულად მიიღოს და მართლმსაჯულება აღსრულდეს. ვთქვით, რომ ამ
საქმეზე მართლმსაჯულება აუცილებლად აღსრულება”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
დეპუტატის ცნობით, მას შემდეგ, რაც კომისია შეიქმნება, კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობენ.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.