თამარ ჩუგოშვილი - მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს ერთ-ორ დღეში გვექნება
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სჭირდება გარკვეული დრო, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ჯერ მხოლოდ პრემიერობის კანდიდატზე იმსჯელა და მინისტრებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
„ჩვენ არ უნდა დავუნიშნოთ პრემიერ-მინისტრს მინისტრები, მან უნდა შეარჩიოს და შემოგვთავაზოს. ეს არის კონსტიტუციური ნორმა და ეს არის სწორი. სხვანაირად, ვერ მართავს პირი მთავრობას. ამიტომ ჩვენ პირველ შეხვედრაზე მსჯელობა გვქონდა მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, არ გვისაუბრია მინისტრებზე და კანდიდატს დასჭირდება გარკვეული დრო, თუ როგორ კაბინეტს წარმოუდგენს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად. შესაბამისი ვადები კანონში დეტალურადაა გაწერილი. ამიტომ, უახლოეს ერთ-ორ დღეში გვექნება შეხვედრა იმისთვის, რომ წინასწარი კონსულტაციები გავიაროთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარი პროცესი პარლამენტში მიმდინარეობს, თუმცა უმრავლესობის შიგნით წინასწარ კონსულტაციები და შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და ბუნებრივია.
როგორც პირველი ვიცე-სპიკერი განმარტავს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს აქვს შვიდი დღე ახალი მინისტრთა კაბინეტის პარლამენტისთვის შესათავაზებლად და შემდგომ, პარლამენტს აქვს ამდენივე, შვიდი დღე განხილვისა და გადაწყვეტილებისთვის. ნდობის გამოცხადებამდე კი, შეხვედრები უნდა გაიმართოს საპარლამენტო კომიტეტებთან და ფრაქციებთან, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.