თამარ ჩუგოშვილი - მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეები გაყარა და მოიყვანა ის, ვინც უნდოდა, ქვეყანა ამან არაფერ შედეგამდე არ მიიყვანა და არც ახლა მიიყვანს
თამარ ჩუგოშვილი - მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეები გაყარა და მოიყვანა ის, ვინც უნდოდა, ქვეყანა ამან არაფერ შედეგამდე არ მიიყვანა და არც ახლა მიიყვანს

ძალიან მჯერა იმის, რომ სასამართლოში ხისტი, თავის მოჭრის და ასეთი გზები არ ამართლებს და არ გაამართლებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„მიხეილ სააკაშვილმა ეს გააკეთა, როდესაც მოვიდა, მოსამართლეები გაყარა და მოიყვანა ის, ვინც უნდოდა. ქვეყანა ამან არაფერ შედეგამდე არ მიიყვანა და არც ახლა მიიყვანს, რადგან გზა არის რეფორმების და სწორი ნაბიჯების გადადგმის“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, არის ნაბიჯები, რომლებიც სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად აუცილებლად უნდა გადაიდგას.

„არის დასახვეწი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები, იუსტიციის საბჭოს მუშაობის წესები და ა.შ. მე მირჩევნია, ამ გზით ვიაროთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ სწორ გზას ვადგავართ, ვიდრე სასამართლო სისტემაში მორიგი ემოციური, რევოლუციური გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იგივე წრეში ჩაგვაბრუნებს, რაშიც დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიაში უკვე ბევრჯერ ჩავბრუნდით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა ის პერსპექტივას, იუსტიციის საბჭოს ამ შემადგენლობის პირობებში, ლოიალური მიდგომით, ნაბიჯ-ნაბიჯ, საქმე იქამდე მივიდეს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრთა დანიშვნა სწორი კალაპოტით წავიდეს და ამავდროულად, საბჭოს წევრთა პიროვნული ამბიციები მოითოკოს, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში იუსტიციის საბჭოს, როგორც ინსტიტუციის გვერდზე განყენებულად დატოვება ვერ მოხდება და არც უნდა მოხდეს.

„როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვმუშაობდით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, უზენაესის მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს ერთპიროვნულად დაენიშნა, მაგრამ ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით. ვთქვით, რომ არა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, თუ ვინ იქნებიან უზენაესის მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტმა უნდა აიღოს. კიდევ კარგი, ეს ვქენით და სწორად მოვიქეცით, რაც დეკემბრის პროცესებმაც აჩვენა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, პერსონალიებს და საბჭოს დაკომპლექტების წესს რაც შეეხება, საბჭოში უმრავლესობა მოსამართლეების მიერ არჩეული მოსამართლეები არიან, რაც 2013-2014 წლამდე ასე არ იყო, მაგრამ წესი შეიცვალა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

„მოსამართლეები ფარული კენჭისყრით თავად უნდა ირჩევდნენ, ვინ უნდათ, იუსტიციის საბჭოში მათი წარმომადგენელი იყოს. კანონის დონეზე ეს არის სწორი რამ. ეს არის კონკრეტული რეგულაცია, რომელიც სწორია და ამ რეგულაციაში უხეშად ჩარევა სწორად არ მიმაჩნია. ის, რომ საზოგადოებას კონკრეტული ადამიანების მიმართ პრეტენზია აქვს და ა.შ, მე, როგორც პარლამენტის წევრმა ამას შემიძლია, პულტზე ხელის დაჭერით ვუპასუხო, როდესაც კონკრეტული კანდიდატურები საპარლამენტო კენჭისყრის წინ ჩემ წინაშე აღმოჩნდება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.