თამარ ჩუგოშვილი - მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით თუ გამიჩნდა განცდა, რომ პროცესები უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ, ეს ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზი იქნება
თუ მაგალითად, მართლმსაჯულებასთან, სასამართლო სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით გამიჩნდა განცდა, რომ პროცესები უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ, ეს ჩემთვის ალბათ ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზი იქნება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
ამ განცხადებით თამარ ჩუგოშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა – რა არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც იგი თავს პოლიტიკურ პროცესში ვეღარ დაინახავს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს მთავრობაზე ზედამხედველობა იმ პირობებში, როცა საპარლამენტო უმრავლესობაში ძალიან ჭრელი საზოგადოებაა, რომელიც მთავარ ღირებულებით საკითხებზეც კი ვერ თანხმდება, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის სიჭრელე არის ის, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესს ხელს უწყობს.
„ძალიან ერთსულოვანი რომ იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალა და მით უმეტეს, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მთავრობას თვითონ ნიშნავს, დამერწმუნეთ, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება კიდევ უფრო რთული იქნებოდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, თუ გვინდა საქართველო სრულფასოვანი საპარლამენტო, დემოკრატიული ქვეყანა იყოს, თუ მთავრობა ან ნებისმიერი ანგარიშვალდებული ორგანო მოწოდების სიმაღლეზე არ არის და საქმეს ისე ვერ აკეთებს, როგორც უნდა აკეთებდეს, პარლამენტი უნდა იყოს ის, რომელიც მათ ეტყვის: მე ეს არ მომწონს, მინდა, უკეთესად იმუშაო და ა.შ.
„ჩვენ დღეს ვაკეთებთ იმას, რომ არც ერთი საპარლამენტო სასესიო კვირა არ წარიმართოს ისე, პარლამენტს რომელიღაც მინისტრის მოსმენა არ ჰქონდეს; ეს გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა ისევე, როგორც ამას ნებისმიერი განვითარებული, ევროპული ქვეყნის პარლამენტი აკეთებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.