თამარ ჩუგოშვილი - გიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი.
როგორც ჩუგოშვილმა აშშ-ის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიღებას გარკვეულწილად ცერემონიული ხასიათი ჰქონდა და ვერც ერთ პოლიტიკურ თემაზე განცხადება ვერ გაკეთდებოდა, მათ შორის ვერც გიგი უგულავას განაჩენზე, თუმცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ელჩთან ერთი ერთზე საუბარში ამ თემას ახსენებდნენ.
„ერთია სისხლის სამართლის საქმე და მეორეა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ. ყველა აცნობიერებს, რომ ამით დასრულებულია მოლაპარაკებები და თითქმის შეუძლებელია უკვე რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა. მე, როგორც წესი, ყოველთვის ვერიდები სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს ამ საქმეს და პოლიტიკური დატვირთვა მისი არის ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.