თამარ ბარკალაია - სოციალური მუშაკების ხელფასების საკითხზე პარლამენტთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება
თამარ ბარკალაია - სოციალური მუშაკების ხელფასების საკითხზე პარლამენტთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება

კანონის მიხედვით, ხელფასების მატება 2020 წლიდან ისედაც გათვალისწინებული იყო და დაახლოებით 30%-იან ზრდას ითვალისწინებს, თუმცა სოციალური მუშაკები ხელფასის დაუყოვნებლივ მატებას ითხოვენ და ამ საკითხზე პარლამენტთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც სოციალური მუშაკების საკითხს განიხილავდნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კადრებთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება და უწყებისთვის სოციალური მუშაკების დამატება მისაღებია.

„რაც დეტალურად, პუნქტობრივად არის გაწერილი ჯანდაცვის მინისტრის ხელმოწერილ დოკუმენტში, ამის გარდა შეთანხმება მოხდა, რომ დამატებით 16 ფსიქოლოგის დამატება მოხდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ინფრასტრუქტურული საჭიროებებიც სრულად მოგვარდება. სატრანსპორტო საჭიროებების მოგვარებასთან დაკავშირებითაც კითხვები იყო და ამაზეც ახსნა განმარტება გავაკეთეთ. ტრანსპორტი ისეთ ადგილებზე გადანაწილდება, სადაც ტაქსის სერვისი არ არის. ხოლო ტაქსის გამოყენება იქ მოხდება სადაც ამის სერვისია. ამ საკითხზე გაუგებრობა გარკვეულია”, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, სოციალური მუშაკების ხელფასის საკითხზე პარლამენტთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართება.

„ჯერ ღიად ორი საკითხია, რაც მანამდე პრინციპული არ იყო და ახლა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, როგორია. ერთი არის ის, რომ ხუთ ტერიტორიულ ერთეულში რემონტი ვერ ხერხდება, რადგან ჩვენს ბალანსზე არ არის. ხუთ ტერიტორიულ ერთეულთან დაკავშირებით პარლამენტმა თქვა, რომ ამ პროცესში ჩაერთვებიან.

რაც შეეხება ხელფასებს, ჩვენ გათვლებს გავაკეთებთ, პარლამენტს წარვუდგენთ და დამატებით ვიმსჯელებთ. ხელფასების მატება კანონის მიხედვით, 2020 წლიდან ისედაც გათვალისწინებული იყო და დაახლოებით 30%-იან მატებას ითვალისწინებს, თუმცა ისინი ხელფასის დაუყოვნებლივ მატებას ითხოვენ და ამ საკითხზე პარლამენტთან დამატებითი კონსულტაციები გვექნება.

კადრებთან დაკავშირებით ჩვენ შევთანხმდით, რომ 50 სოციალური მუშაკის დამატება მისაღებია”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.