თამარ ბარკალაია - საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა რეგისტრაციიდან მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში მოხდება
საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულებისთვის 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა რეგისტრაციიდან მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში მოხდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სეზონურად საზღვარგარეთ მომუშავე პირთა ორი ტიპის გატეგორია განისაზღვრა.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაიცეს 300-ლარიანი კომპენსაცია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სეზონურად საზღვარგარეთ მუშაობენ. სამინისტროს ვებგვერდზე არის უკვე რეგისტრაციის პორტალი, სადაც საზღვარგარეთ მომუშავეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ. ორი ტიპის კატეგორია განისაზღვრა. ერთი კატეგორიაა ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად კვეთენ საზღვარს, მუშაობდნენ თურქეთში და ამის საშუალება ჰქონდათ, როდესაც საზღვარი ღია იყო. ამ ადამიანებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ ჩვენს პორტალზე, არანაირი დამადასტურებელი ცნობა არ იქნება მათი მხრიდან საჭირო, გარდა იმისა, რომ ნებართვა მოგვცენ, მონაცემი მივიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტროდან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. თუ საზღვრის კვეთის რაოდენობა 2019 წლის განმავლობაში იყო 60 ან მეტი, ისინი კვალიფიცირდებიან 300-ლარიან დახმარებაზე. ასევე, კიდევ ერთი კატეგორიაა განსაზღვრული, ეს არის ე.წ სეზონური მუშახელი, რომლებიც სეზონურად თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში დადიოდა. 2019 წლის სეზონური მუშაობის განმავლობაში, ანუ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, თუ ადამიანებს უფიქსირდებათ 30-დან 120 დღემდე საზღვარგარეთ ყოფნა, ისინი ავტომატურად კვალიფიცირდებიან ასევე დახმარებისათვის“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ბარკალაიას განცხადებით, დახმარების მიღების მსურველ პირებს დამატებით დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა არ დასჭირდებათ.
„არავითარი დამატებითი დამადასტურებელი ცნობის წარდგენა მათ არ დასჭირდებათ, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია ჩვენს პორტალზე, სადაც ისინი მიუთითებენ პირად ინფორმაციას და საბანკო ინფორმაციას, ნებას მოგვცემენ ჩვენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღოთ მათი საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია. რეგისტრაციის პერიოდზე გავამახვილებ ყურადღებას, ვინაიდან თვითდასაქმებულებისთვის რეგისტრაცია პირველ ივლისამდე არის, ეს ახალი პირთა წრე რადგან დღეს განისაზღვრა, დღეის მდგომარეობით, მათ მივცემთ საშუალებას, რომ 15 ივლისამდე გაიარონ რეგისტრაცია. რაც შეეხება რაოდენობას, ჩვენ წინასწარი გათვლებით, ასეთი ადამიანი არის დაახლოებით 130 ათასი, თუმცა რამდენი გაივლის რეგისტრაციას, რა თქმა უნდა, უცნობია. რეგისტრაციიდან მაქსიმუმ ათი დღის განმავლობაში მოხდება თანხის გაცემა. რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა იყო პირველი სამი დღის განმავლობაში. სამ დღეში მოგვარდა და მოწესრიგდა ეს პრობლემები. შესაბამისად, რეგისტრაციის პრობლემა დღეის მდგომარეობით არავის არ აქვს. იმათ, ვისაც აქვს რეგისტრაციის პრობლემები, ან ვისაც აქვს ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, მათ შეუძლიათ, სოციალური მომსახურების სააგენტოს და დასაქმების სააგენტოს ოფისებში დახმარება მიიღონ“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.