თამარ ბარკალაია - პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება
2020 წლის პირველი იანვრიდან დასაქმების ახალი სააგენტო ამოქმედდება, რომელიც შრომის ბაზარს მის მოთხოვნებზე მორგებულ უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს და ხარისხიან მომსახურებას შესთავაზებს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში დასაქმების ახალი სააგენტოს შექმნის მოტივი და მიზნები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ბაზარზე დასაქმების პროგრამებს 2015 წლიდან ახორციელებს, სტატისტიკა სახარბიელო არ არის. სამინისტრო წელიწადში საშუალოდ 2000-2500 ე.წ. რთული კატეგორიის ადამიანის დასაქმებას ახერხებს, უმუშევრობა 11.4 პროცენტს შეადგენს, დასაქმებულთა უმეტესობა კი თვითდასაქმებულია – ეს მოცემულობა ვერ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებას. დასაქმების ახალი სააგენტო, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას აპირებს, ამ პრობლემის უფრო ეფექტურად გადაჭრას მოემსახურება.
„მეთოდოლოგია, რომლითაც ახალი დასაქმების სააგენტო იხელმძღვანელებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად არის შემუშავებული და ევროპაში კარგად აპრობირებული მეთოდოლოგია. ეს მოდელი დასაქმების თითოეულ მაძიებელთან კომპლექსურ და ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს, რაშიც შედის კარიერული კონსულტაცია და პროფილირება. შესაბამისი მხარდაჭერითი კონსულტაციები და პროგრამები ამოქმედდება, რომელიც თითოეული პიროვნების კვალიფიკაციიდან გამომდინარე საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, საჭიროა კატეგორიზაცია. არსებობს პირველი და მეორე კატეგორია, ანუ მარტივად დასაქმებადი ადამიანები, რომლებსაც სამუშაო გამოცდილება აქვთ და წელიწადზე ნაკლები არიან უმუშევარი.
შესაბამისად, მათთვის დასაქმების რესურსების საჭიროება ძირითადად არსებულ ვაკანსიებზე ინფორმაციის მიწოდებით შემოიფარგლება. თუმცა არსებობს მესამე და მეოთხე ე.წ. რთულად დასაქმებადი კატეგორია, რომელსაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება იმისათვის, რომ სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანები იყვნენ.
ეს მხარდაჭერა გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა და პროფილირებისა, რაც გარკვეული უნარების განვითარებას ემსახურება, როგორიცაა დამსაქმებლის წინაშე საკუთარი თავის წარმოჩენა, რეზიუმეს შედგენა, დამსაქმებელთან ინტერვიუ, ასევე ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისი კონკრეტული კვალიფიკაციის მიღებისთვის გაწეულ დახმარებასაც გულისხმობს“, – განაცხადა ბარკალაიამ.
მისი თქმით, ახალი სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს მომავალი წლის თებერვლიდან უფრო მასშტაბურ გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს, რომელთა ვადიანობაც სამ-ექვს თვეს მოიცავს. სააგენტოს მუშაობა რომ ბაზრის მოთხოვნებს მეტად მოერგოს, ის კერძო სექტორთან უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.
„ჩვენ ბიზნესასოციაციებთან დღემდე ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვქონდა, თუმცა არა დასაქმების თემაზე. ახალი სააგენტო სწორედ ამ მიმართულებით გაამყარებს ურთიერთობას. ბიზნესასოციაციებთან, დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რაც რეგიონებსაც მოიცავს, ყველაზე აქტიურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შედეგად, სამუშაოს მაძიებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ სერვისებს მივაწოდებთ“, – განუცხადა თამარ ბარკალაიამ „ბიზნესპარტნიორს“.