თამარ ბარკალაია - ნინოწმინდის პანსიონში თითოეული ბავშვის საჭიროების შეფასება უნდა მოხდეს, პანსიონი ჩვეულ რეჟიმში არ მუშაობს, ზედამხედველობა ხდება სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და საპატრიარქოს მიერ
შევხვდით ბავშვებს, აღმზრდელებს და სოციალურ მუშაკებს. ცალსახად დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ბავშვები არიან უსაფრთხოდ. ჩვენი თანამშრომლები რჩებიან დაწესებულებაში და აგრძელებენ მუშაობას. ვიმსჯელეთ, რომ გადაყვანის პროცესი არ შეიძლება იყოს მყისიერი და იძულებითი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო ადგილზე იმუშავებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.
„თითოეული ბავშვის საჭიროების ინდივიდუალური შეფასება უნდა მოხდეს. რიგ შემთხვევებში შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს, რიგ შემთხვევებში შეიძლება დასჭირდეს თვე ან მეტი, რომ არ იყოს ბავშვების ფსიქიკა დარღვეული. ადგილზე რჩებიან სოცმუშაკები და ბავშვთა ფსიქოლოგი. ჩვეულ რეჟიმში არ მუშაობს პანსიონი, არამედ მუშაობს იმ რეჟიმში, სადაც ზედამხედველობა ხდება სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების მიერ და მათ შორის საპატრიარქოს მიერ. დიდი ზომის ინსტიტუცია ნინოწმინდაში არ უნდა იყოს, როგორი ტიპის იქნება ამაზე ვმსჯელობთ. არა მხოლოდ ნინოწმინდაში, არამედ სხვა ტერიტორიაზეც არ უნდა იყოს“, – განაცხადა ბარკალაიამ.