თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოში შეხვედრა გამართეს

საქართველოს საპატრიარქოში გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდნენ.

როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპატრიარქოში გარემოების ასახსნელად და შვილისთვის წესის აგების ნებართვისთვის იმყოფებოდნენ. მისივე ინფორმაციით, ილია მეორის კურთხევით, ოჯახს წესის აგების უფლება მიეცა.

„პატრიარქმა მოგვცა კურთხევა წესის აგებაზე და იქვე გადაუხადეს პანაშვიდი. იკითხონ იმათ, იმ მკვლელებმა, იმათ რა ელით, თორემ ჩემი თამუნას სული მშვიდად იქნება. წესიც აეგება და ყველაფერი, რაც საჭირო იქნება, ისე გაკეთდება. საპატრიარქოში მოვუყევით ყველაფერი, როგორც იყო. ისინი მიხვდნენ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა და ამ ვერსიას ვეღარც კი მოიაზრებენ საერთოდ. პატრიარქი შეუძლოდ იყო და სხვა დროს დაგვიბარეს პატრიარქთან შესახვედრად. პანაშვიდი იქვე გადაუხადეს და კიდევ გადავიხდით, როცა მობრძანდებითო, შეგატყობინებთო“,- განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, როდესაც დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი, მაშინ „ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას გარდაცვლილის სულისთვის და მისი ოჯახისათვის“.

„დღეს იყო მოსული ოჯახი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ამ ძალიან მძიმე განსაცდელში. ოჯახი იყო მოსული, გარემოებები მოგვიყვა. შეხვედრა იყო მეუფე შიოსთან. ოჯახის სურვილი იყო წესის აგების საკითხზე პატრიარქს მათთვის სანუგეშო გადაწყვეტილება მიეღო. პატრიარქმა ნება დართო წესის აგებისთვის და ეს მათთვის ნუგეში არის. ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ამ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ასე ტრაგიკულად წავიდა. ზოგადად, როდესაც დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და იქ მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას მისი სულისთვის, მისი ოჯახისათვის. დღეს აი, ეს ვითარებაა. ჯერ არ არის დადასტურებული, ვერავინ ერთმნიშვნელოვნად ამაზე ვერ დადებს თავს. ამიტომ, ასეთ ვითარებაში ეკლესია რა გადაწყვეტილებას იღებს, სწორედ მისი შესაბამისი ნებართვა გასცა პატრიარქმა“,- განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

ამასთან, ჟურნალისტებმა საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ თეონა თამაზაშვილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა რამდენიმე წლის წინ ჰქონდა. როგორც ბაჩალიაშვილის დედამ აღნიშნა, გარდატეხის ასაკში თამარმა დამამშვიდებელი წამლის დიდი დოზა გაუცნობიერებლად მიიღო, რის გამოც იაშვილის კლინიკაში მოხვდა. თეონა თამაზაშვილის თქმით, ეს თვითმკვლელობის მცდელობა არ ყოფილა. როგორც თამაზაშვილი ამბობს, ეს ინფორმაცია პოლიციისგან გავრცელდა, რადგან ამის შესახებ მან საგამოძიებო უწყებაში დაკითხვისას ისაუბრა.