თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვს, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, საქმე შს სამინისტრომ ან სხვა საგამოძიებო უწყებამ გამოიძიოს
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს.
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უკავშირდებოდა მას და ეუბნებოდა, რომ მისი შვილი იყო შარში.
„ერთმა მითხრა, რომ შენი შვილი დიდ შარშია გახვეულიო. მეორე დღეს დავურეკე მას, თუმცა ტელეფონი გათიშული ქონდა. არ პასუხობდა. მე აქ მოვედი, რომ უბრალოდ შევკითხო ამ პიროვნებას, ლადო ბაჭულაშვილს, ფეხბურთის ბურთივით რომ მაპამპულებს, შეიძლება ასე? მერე გზა რომ გადაკეტეს, მოვიდა ჩემთან და მეუბნება, ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? ანუ მე დამიძახეს სავაჭროდ აქ. მე პასუხი არაფერი არ მიმიღია, ის პიროვნება არ დაგვხვდა ჩვენ აქ. გამომძიებელთან და უფროსთან მე პრეტენზია არ მაქვს. მე ვითხოვ, სამინისტროში გადავიდეს საქმე“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
„შევხვდით გამომძიებელს, შევხვდით განყოფილების უფროსს. ბატონმა ჯუმბერმა განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად უარი თქვა, გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ, შესაბამისად ითხოვს, საქმე გადაეცეს სამინისტროს ან ნებისმიერ სხვა ორგანოს“, – განაცხადა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აღიძრა, თუმცა არსებულ ბრალდების კვალიფიკაციას 115-ე მუხლიც დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამასთან, პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს.