მიხეილ რამიშვილი - ფოტოებთან დაკავშირებით ფურცხვანიძე ამერიკიდან ექსპერტიზის ნამდვილ პასუხს ჩამოიტანს, ეს აშფოთებს გამოძიებას
მიხეილ რამიშვილი - ფოტოებთან დაკავშირებით ფურცხვანიძე ამერიკიდან ექსპერტიზის ნამდვილ პასუხს ჩამოიტანს, ეს აშფოთებს გამოძიებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიცირების საქმეზე ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გამოიკითხა.

„კითხვები იყო, მიწერ-მოწერაში რა რას ნიშნავდა, მე ხომ არ შევუკვეთე, ვიცოდი თუ არა, რომ სურათები იყო გაყალბებული. პასუხები ეძებეთ, ვინ არის გამყალბებელი, საიდან გავიცანი ეს ადამიანი“, – განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, რამიშვილმა პროკურორის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ფოტომასალასთან დაკავშირებით წყაროს ვინაობის თავიდანვე არ დასახლებით გამოძიებას ხელი არ შეშლია. მისივე თქმით, გამოძიება თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა.

„გამოძიებას არაფერი ხელი არ შეშლია, გამოძიებას თავიდანვე ჰქონდა ხელი შეშლილი, რადგან არასწორად მიდიოდა, დღესაც არასამართლიანად გრძელდება, რადგან რაც დრო დახარჯა ამ აბსურდულ ძიებაში, იმ ქმედებებში, რომ მე ამ საქმეს ჩამომაცილოს, სჯობდა, ეს დრო და ენერგია საქმეში დაეხარჯა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოეყენებინა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კითხვაზე, გაგიმყარდათ თუ არა ეჭვი, რომ თქვენი დაკავება სურთ, რამიშვილი პასუხობს, რომ არასდროს არაფერს გამორიცხავს.

რაც შეეხება გავრცელებულ ფოტომასალას, რამიშვილის თქმით, ფურცხვანიძე აშშ-ში კერძო ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, რაც გამოძიებას აშფოთებს და ცდილობენ, მის ქმედებას ხელი შეუშალონ.

„გასაგებია, რომ აქაური ექსპერტიზა ამბობს ერთს, მაგრამ ბატონი დავითი ამბობს, რომ 30 სექტემბერს როცა წავა ამერიკაში, ჩამოიტანს რადიკალურად განსხვავებულ პასუხს, რომ ეს ყველაფერი ამათი (პროკურატურის) მხრიდან არის სიყალბე და ის დაამტკიცებს, რომ სიმართლეა მის მიერ წარმოდგენილი (ფოტომასალა). ჩამოიტანს ისეთ ფოტოს, რომელიც დაამტკიცებს, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი არ იდგა (თეთრიწყაროს ტერიტორიაზე), რაც ყველაზე მეტად აშფოთებს გამოძიებას. იმიტომ არიან ასე, რომ როგორღაც ხელი შეუშალონ დავით ფურცხვანიძის ამერიკაში წასვლას და მე აქ შემიშალონ ხელი.

მე მჯერა, რომ ავტომობილი იქ ნამდვილად არ იდგა. მაშინ დაამტკიცოს ჩვენმა პროკურატურამ, დამიდოს 18-დან 22 ივლისამდე ფოტოსურათი და დავრწმუნდები, რომ ფურცხვანიძის ფოტო არის ყალბი, რადგან ექსპერტის დასკვნის არსებითად არ მჯერა. როცა უნდათ აყალბებენ, როცა უნდათ – სიმართლეს ამბობენ. როდესაც ამერიკაში წავა ფურცხვანიძე, ვიცი, რომ ჩამოიტანს ნამდვილს. ამერიკის ექსპერტიზიდან თუ დაადასტურებენ რომ ყალბია, მაშინ ჩვენ სიყალბე სახელმწიფოში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი გამოიკითხნენ.

საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ სატელიტის ფოტოებს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. ამის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.