თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე და ბრალდებულებს ა. დ.–ს და ქ. დ.–ს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 5000–5000 ათასი ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით შეუფარდა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ჩაიდინეს დიდი ოდენობით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, მოტყუებით.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის დეკემბერში ა. დ.–მ და ქ. დ.–მ 7 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განიზრახეს თაღლითურად დაუფლებოდნენ ლიბანის მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში მხატვარ რიხარდ ზომერის ფერწერული სურათის ასლის შეძენით.
ბრალდებულები, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაპირდნენ ოფიციალურ დასკვნას, თითქოსდა ტილოზე შესრულებული ფერწერული სურათი წარმოადგენდა მხატვრის ორიგინალ ნამუშევარს, რისთვისაც წინასწარ გამოართვეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.
2017 წლის 28 დეკემბერს, თაღლითური გეგმის შესაბამისად, ბრალდებულებმა ყალბი დასკვნის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით გამოართვეს დარჩენილი თანხის ნაწილი.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო წარდგენილი ბრალის სიმძიმე და ხასიათი, ასაკი, პიროვნება, ის გარემოება რომ ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევნი, მათი საქმიანობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებშიც მიღწეული იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები.
სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვალს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.