სვანეთში სპეცოპერაციისას დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა მომავალ კვირას გამოძიების მასალებს გაეცნობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე სვანეთში 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპულ ომეხ აფრასიძის დედას, დოდო აფრასიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფრასიძეების ოჯახის წევრები, ადვოკატი ირმა ჭკადუა და საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე.
როგორც დოდო აფრასიძემ განაცხადა, დავით ნეფარიძისგან მიიღო დაპირება, რომ მომავალ კვირას გამოძიების მასალებს პირადად გააცნობს.
პროკურორის თქმით, გამოძიების ფარგლებში ასეულობით მოწმე დაიკითხა და ჩატარდა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.
„გარკვეულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, რაზეც ვფიქრობ, ბრალდების მხარისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. ძირითადად, საუბარი იყო დროში გაჭიანურებასთან და ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის პრობლემა საქმესთან მიმართებით არ დგას.
რაც შეეხება დროში გამოძიების გაჭიანურებას, გამოძიება შემთხვევიდან ცხრა წლის შემდეგ დაიწყო. ბუნებრივია, დროში იწელება გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება, ვინაიდან შემთხვევიდან გასულია ძალიან დიდი დრო. ამ გამოძიების ფარგლებში ბევრი მტკიცებულება იქნა მოპოვებული, ასეულობით მოწმეა დაკითხული და ჩატარებულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები. როგორც კი იქნება ის მტკიცებულებათა სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსით დევნის დასაწყებად ან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ამ სამართლებრივ საკითხებს“, – განაცხადა პროკურორმა.
დოდო აფრასიძემ დღეს დილით საქმის უშედეგო გამოძიების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი შეიტანა და საქმის პირად კონტროლზე აყვანა მოითხოვა. დოდო აფრასიძეს შიმშილობის დაწყება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუკადმინისტრაციის მხრიდან მის წერილზე გამოხმაურება არ იქნებოდა. დოდო აფრასიძის სურვილია, მამუკა ბახტაძემ პირად კონტროლზე აიყვანოს აფრასიძეების საქმე, ვინაიდან მისი თქმით, დამნაშავეების გამოვლენა 15 წლის შემდეგაც ვერ მოხდა.
„შევთანხმდით იმაზე, რომ მეორე კვირას შევხვდებით ერთმანეთს და უფრო დეტალურად გავეცნობით ყველაფერს. ცოტა არის დარჩენილი, ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული, როგორც გამომძიებელმა გვითხრა. ამ ეტაპზე შიმშილობას არ ვაპირებ და კონკრეტულ პასუხს ველოდები“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა. სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.