ხანძარია სვანეთში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება, რომ არ მოხდეს ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება.
ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი და ადგილზე იმყოფება ლოჯისტიკისა და კავშირგაბმულობის შესაბამისი ჯგუფები. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ვერტმფრენის ჩართვა.
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.