სუს-ი - საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, დესტაბილიზაციის კერების შექმნა
სუს-ი - საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანებია ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, დესტაბილიზაციის კერების შექმნა

საქართველოში უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები, სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ, (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა), მუდმივად ცდილობენ, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ მათთვის სასურველი/საიდუმლო ინფორმაცია, შექმნან/გააფართოონ ჯაშუშური ქსელი, – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული სადაზვერვო სამსახურების მიზანია, გავლენა იქონიონ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გამოწვევების საპასუხოდ გასული წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, კავშირზე მყოფი პირებისა და მათი კონტაქტების, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენასა და აღკვეთას.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა, რათა ქვეყანაში განვითარდეს დეზინტეგრაციული პროცესები და მოხდეს ქართული საზოგადოების პოლარიზაცია.

სუს-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კონტრდაზვერვით საქმიანობას წარმართავდა კანონით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში და ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების სფეროების გამოვლენას, კონტრზომების გატარებას, არსებული საფრთხეების შესახებ შესაბამისი უწყებებისა და პირების წინმსწრებ ინფორმირებას, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვას, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას.