ვახტანგ გომელაური - კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები
ვახტანგ გომელაური - კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ პოლიტიკური გავლენები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა.

„საანგარიშო პერიოდში, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა. საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები კვლავ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას. ცდილობენ, პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის, ასევე სხვა კომპონენტების გამოყენებით, სასურველი შედეგის მიღებას. საქართველოს წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მცდელობები, გააძლიერონ და გააფართოვონ პოლიტიკური გავლენები.

“საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ შეიმჩნევა ექსპერტული სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნის მცდელობა, სადაც ხდება კონკრეტული საკითხების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება. გარკვეული ორგანიზაციები ეროვნული და რელიგიური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მიზანმიმართულად ცდილობდნენ შუღლისა და სიძულვილის გაღვივებას, ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტრუქციული მოწოდებებით სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად დამაზიანებელი იდეებისა და შეხედულებების გავრცელებას. საანგარიშო პერიოდში, კომპლექსურად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების დასადგენად. გამოვლენილია პირთა წრე, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა. საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციული ნაკადების ფონზე, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი”,- განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა.

როგორც სუს-ის ხელმძღვანელი აცხადებს, აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლა, რომლებსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.