სუს-ი - 2018 წელს კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა
სუს-ი - 2018 წელს კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა

2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში 133 პირი მიეცა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კორუფცია მრავალი მიმართულებით ფუნდამენტურად აზიანებს ქვეყნის განვითარების პროცესს და რთულად გამოსასწორებელ ზიანს აყენებს სახელმწიფოსადმი ნდობას, ასუსტებს დემოკრატიას, აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ.

„2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა არაერთი კონფერენცია, სემინარი და სამუშაო შეხვედრა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მოამზადა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2018 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშები.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად არაერთი საჯარო მოხელე იქნა დაკავებული, მათ შორის, ქრთამის აღების ფაქტებზე – ქ.თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი; ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ცხვარიჭამიის ადმინისტრაციულ ერთეულში; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე და საგარეჯოს რაიონის საკრებულოს სოფელ უჯარმის დეპუტატი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და მისი მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიეცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი.

„საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი, ხოლო დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე- შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე. ამავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მთლიანობაში დაკავებულ იქნა აფთიაქების 5 მფლობელი და 14 დირექტორი. სულ პასუხისგებაში მიეცა 21 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 4 094 709 ლარი შეადგინა.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ირანის ისლამური რესპუბლიკის 7 მოქალაქე. ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 2 097 000 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 71 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების – 21, ქრთამის მიცემის – 3, თაღლითობის – 12, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 4, მითვისების ან გაფლანგვის – 4, სამსახურებრივი გულგრილობის – 13, სამსახურებრივი სიყალბის – 8 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 133 პირი.