სუს-ი - კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ
კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების ან/და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი.
სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა/პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საჯარო უწყებებში კორუფციის არსებობა აფერხებს სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივას, ხელს უწყობს მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვას, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას.
ამასთან, კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები, შესაძლოა, სხვადასხვა დანაშაულებრივი დაჯგუფების ან/და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამოხელეო, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, საჯარო სამსახურებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ნიშნების გამოვლენის და თავიდან აცილების ღონისძიებების გატარებას“, – აცხადებენ სუს-ში.
საანგარიშო პერიოდში სამსახურმა მოამზადა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების 2017 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშები.
სუს-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია არაერთი საჯარო მოხელე:
„მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი – გამოძალვით ქრთამის აღების ფაქტზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – ქრთამის აღების ფაქტზე.
ასევე, ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო-გამშვები პუნქტის უფროსი ინსპექტორი.
2017 წლის 7 მარტს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 000 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2017 წლის 5 აპრილს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ იქნა სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი, რომელმაც ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარიდან, წინასწარ აიღო 7500 აშშ დოლარი.
2017 წლის 1 დეკემბერს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, მხილებულ და დაკავებულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, რომელმაც ქრთამის სახით მოთხოვნილი 20 000 აშშ დოლარიდან, წინასწარ აიღო 10000 აშშ დოლარი.
2017 წლის 22 დეკემბერს, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნენ საკალათბურთო კლუბის „სოხუმი“ წარმომადგენლები და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ჩაწყობილ მატჩებს. საერთო ჯამში, ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 36 000 ლარი შეადგინა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში 2017 წლის 1 იანვრიდან 2017წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 62 საქმეზე, მათ შორის, ქრთამის აღების – 37, ქრთამის მიცემის – 1, თაღლითობის – 6, კომერციული მოსყიდვის – 3, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების – 4, მითვისების ან გაფლანგვის – 2, სამსახურებრივი გულგრილობის – 1 და სხვა ცალკეულ დანაშაულებზე. საანგარიშო პერიოდში ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 61 პირი სისხლის სამართლის 41 საქმეზე“, – აცხადებენ სუს-ში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, თანამედროვე გამოწვევებისა და მიდგომების გასაცნობად, ასევე, კორუფციის პრევენციისა და განეიტრალების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ინტენსიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ კონფერენციებში, ტრენინგებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში.